საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისრაელის ცენტრის მიმართულებით შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა. საელჩო მოქალაქეებს საცხოვრებელ ადგილებში ყოფნისკენ მოუწოდებს.
"18:00 სთ-დან შესაძლებელია დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით: აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ. გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში.
თავი შეიკავეთ თია სივრცეში ყოფნისგან. განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს",- აღნიშნულია განცხდებაში.
ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ქალაქ ლოდში 20:00 საათიდან კომენდანტის საათი ცხადდება.
"ლოდში 20:00 სააათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში. საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებსა და პალესტინელ სამხედროებს შორის ორმხრივი ცეცხლი მესამე დღეა არ წყდება, ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ჰამასმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ თელ-ავივის მიმართულებით 130 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა - ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მათი მიმართულებით პალესტინელმა სამხედროებმა სამ დღეში 1000-მდე სარაკეტო გასროლა განახორციელეს.
თელ-ავივის დაბომბვამდე რამდენიმე საათით ადრე ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორის დაბომბვისას საცხოვრებელი შენობა სარაკეტო თავდასხმით გაანადგურეს, ისლამისტურმა დაჯგუფებამ თავდასხმისთანავე გაავრცელა მუქარა, რომ საპასუხოდ ისრაელის დედაქალაქს დაბომბავდა.
სამხედრო შეტაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელის სამართალდამცველებს შორის მრავალსაათიანი დაპირისპირება უსწრებდა წინ. განსაკუთრებით მწვავე შეტაკებები მოხდა ალ-აკსას მეჩეთში, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმებისთვის საზიარო წმინდა ადგილია.
ჰამასმა ისრაელს სამართალდამცველების ადგილიდან გაყვანის ულტიმატუმი წაუყენა, სამხედრო კონფლიქტი კი ისრაელის მხრიდან ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემდეგ განახლდა.