საქართველოს საზღვართან ახლოს, დღეს ახალმა აეროპორტმა დაიწყო მუშაობა, რომელიც შავ ზღვაზე აშენდა. სარფის საბაჟოდან აეროპორტამდე დაახლოებით 77 კილომეტრია.
პირველი რეისი ნომრით 2538 Turkish Airlines-მა შეასრულა. თვითმფრინავი სტამბულიდან ადგილობრივი დროით, 08:30 საათზე გამოფრინდა და რიზე-ართვინის აეროპორტში ადგილობრივი დროით, 10:35 საათზე დაეშვა.
მგზავრებს თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შეხვდა. ბორტზე, ასევე, იყო Turkish Airlines-ის გენერალური დირექტორი, ბილალ ექში, მან პირველმა დატოვა თვითმფრინავი და აეროპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ორდუ-გირესუნის აეროპორტის შემდეგ რიზე-ართვინი მეორე აეროპორტია თურქეთში, რომელიც ზღვაში აშენდა. წლიურად ის სამ მილიონ მგზავრს მოემსახურება.