საქართველოს ფოსტის გორის ფილიალის თანამშრომლები პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ. სანაცვლოდ ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
საქმე 11 კურიერს ეხება, რომლებიც 5 იანვრიდან გაიფიცნენ. ისინი ხელფასის მომატებას და ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვენ.
საქართველოს ფოსტამ მათ უკანონო გაფიცვის მიზეზით ხელშეკრულებები შეუწყვიტა.
"იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე გაცნობებთ, რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია", - წერია წერილში, რომელიც მათ მიიღეს.
ადამიანის უფლებების ცენტრის იურისტის, ალექსი მერაბიშვილის თქმით, კანონი საქართველოს ფოსტამ დაარღვია, ვინაიდან კომპანიამ თანამშრომლებს გაფიცვის უფლება წაართვა.
"ის შეტყობინებები, რომლებიც დაეგზავნათ კურიერებს გათავისუფლების შესახებ, უკანონოა, ვინაიდან შრომის კოდექსით, გაფიცული ადამიანებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულია გაფიცვის უფლების ხელყოფა. მოვუწოდებთ, საქართველოს ფოსტას და მის მენეჯმენტს, კურიერებთან დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან". - თქვა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში დავა სასამართლოში გაგრძელდება.