"საქართველოში რეფორმების ჯერ კიდევ ვრცელი ჩამონათვალია განსახორციელებელი", - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა განაცხადა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ოლივერ ვარჰელმა განმარტა, რომ ევროკავშირი საქართველოს ყველა შესაძლო დახმარებასა და ფინანსებს გამოუყოფს, რათა მუშაობა გაგრძელდეს.
მისი თქმით, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფად შესრულებით, ევროკავშირი ამისთვისაც მზადაა.
"ჩვენი შეთავაზება ხუთ პრიორიტეტს მოიცავს. მთლიანობაში ესაა მდგრადობის შენარჩუნება. მდგრადობა ასევე მოქმედი კრიტერიუმია, როდესაც ეს პოლიტიკურ ურთიერთობებს ეხება, რომელიც გვაქვს. ჩვენ ვთავაზობთ ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობას მათ, ვისაც ჩვენთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობა სურთ. ჩვენი პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია. გვსურს, დემოკრატიული რეფორმების განხორციელება. საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შეუსრულებელი რეფორმების დიდი ნუსხა. გვსურს, ვითანამშრომლოთ საქართველოს მთავრობასთან, რათა ეს რეფორმები შესრულდეს, გამოვყოფთ საჭირო დახმარებასა და ფინანსებს, რათა მუშაობა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, თუ საქართველო დაინტერესებულია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უფრო სწრაფად შესრულებით, ჩვენ ასევე მზად ვართ ამისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას აქვს შესაძლებლობა ჩვენთან თანამშრომლობის. ჩვენ მზად ვართ ამისთვის", - განაცხადა ევროკომისარმა.