logo
ENG



საქართველოსთვის ევოლუშენზე: ოცნებას უნარი, კომპეტენცია არ აქვს, ხალხის პრობლემები მოაგვაროს

22 აგვ 202422:00
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/22/3egarqpwy0x97mo.jpg

პარტია გახარია - საქართველოსთვის ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლების პროტესტს ეხმაურება და აცხადებს, რომ დღევანდელ ქართულ ოცნებას აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს.

პარტია მიმართავს შრომის ინსპექციას, ჩაატაროს მოკვლევა და დააყენოს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ან საქმე გადასცეს საგამოძიებო ორგანოს.

"უკვე თვეზე მეტია ევოლუშენ ჯორჯიას თანამშრომლები ღირსეულ სამუშაო პირობებს ითხოვენ. კვირაზე მეტია გაფიცული ახალგაზრდები შიმშილობენ და პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

სახელმწიფოს მათი არ ესმის და მათ ვერ ხედავს. დღევანდელ ოცნებას აღარ აქვს არც უნარი, არც კომპეტენცია და არც სურვილი, ხალხის პრობლემები მოაგვაროს და ადამიანების ელემენტარული საბაზისო უფლებები დაიცვას.

ოცნების 2012 წლის ღირებულებებიდან აღარაფერია დარჩენილი - ადამიანი გაქრა მისი დღის წესრიგიდან, რომელიც მხოლოდ ერთი კაცის და პარტიის შიშების და ძალაუფლებაში დარჩენის სურვილის ირგვლივ ტრიალებს.

როგორც იქნა 41-ე დღეს სახალხო დამცველმა შეისმინა ჩვენი მოწოდება და დაინტერესდა საკითხით. ხელისუფლება და შრომის ინსპექცია პროტესტის უკიდურეს პირობებშიც კი დუმს.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომელიც პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხალხს ომით აშინებს, წინასაარჩევნოდ მაინც შეასრულეთ ადამიანზე ზრუნვის ვალდებულება, ნუ ემალებით გაფიცულებს, შეხვდით და დაინტერესდით მათი მდგომარეობით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, ჩაატარეთ მოკვლევა და დააყენეთ შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი ან საქმე გადაეცით საგამოძიებო ორგანოს. შეგახსენებთ, შრომის უფლებების დაცვა და შრომის უაფრთხოებაზე ზედამხედველობა თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა.

პარტია გახარია - საქართველოსთვის, ჩვენი მანდატის ფარგლებში, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყნში შრომის უფლებების დაცვის პრეცედენტი შეიქმნას", - ნათქვამია განცხადებაში.

ევულუშენ ჯორჯიაში უკვე თვეზე მეტია, 4 600-ზე მეტი თანამშრომელი გაფიცულია.  

გაფიცვამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კომპანიის შიდა ჩატში მიმოწერები - სქრინებში ჩანს, რომ მენეჯერები დახურულ ჩათში თანამშრომლების მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდნენ და მათ დასცინოდნენ.

23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ კომპანია ევოლუშენმა გაათავისუფლა თანამშრომლები, რომლებიც მიმოწერებში ფიგურირებენ.

გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდასა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. ისინი აქციებს კომპანიის შენობასთან მართავენ. მათი ნაწილი შიმშილობს, ერთ-ერთმა კი პირი ამოიკერა.


close დახურვა