AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოშია.
ვაქცინის პირველი დოზები ქვეყანამ დღეს, 13 მარტის დილას მიიღო.
NCDC-ის ცნობით, ასტრაზენეკას ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.
ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 11 მარტს თქვა, რომ საქართველოში პირველ ეტაპზე 43 200 ადამიანი აიცრება, ხოლო განმეორებითი აცრა მას შემდეგ ჩატარდება, რაც ქვეყანაში დამატებითი პარტია შემოვა.
თავდაპირველად საქართველოში ფაიზერის ვაქცინა თებერვლის ბოლომდე უნდა შემოსულიყო, თუმცა თარიღმა არაერთხელ გადაიწია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ბოლო განცხადების თანახმად, ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინები 22 მარტის კვირაში შემოვა, საუბარია ფაიზერის 29 250 და ასტრაზენეკას 129 600 დოზაზე.
მთავრობაში ამბობენ, რომ განიხილება ჩინური ვაქცინის შემოტანაც, რომელიც ავტორიზაციას, მათივე თქმით, მალე გაივლის.