logo
ENG



საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის დედას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა

10 მაი 202110:18
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი ქალის დედა თბილისში ჩამოვიდა. 

ის საქმის მასალებს გაეცნობა და ცხედრის ამოცნობის პროცედურას დაესწრება. 

გარდაცვლილი ქალის დედას შვილის თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა - ვარაუდობს, რომ ასელ აიპაევა მოკლეს. არ გამოირიცხება ტრეფიკინგის ვერსიაც.  

"ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი განზრახ მოკლულია და მისი სხეული ფანჯრიდან გადმოაგდეს. ჩემი შვილი თავს არ მოიკლავდა. ჩამოვფრინდი რომ ცხედარი გადავასვენო. ვფიქრობ,საქართველო და ყაზახეთი მოაგავარებენ ამ საკითხს ჩვენ ელჩებთან ერთად.

დღეს მივდივარ ჩემი შვილის ცხედრის ამოსაცნობად, მერე კი ყაზახეთის საელჩოში მივალ.

ჩემს შვილს ბესოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა მანამდე, აქ გაიცნეს ერთმანეთი. სურათებს მიგზავნიდნენ რომ ჩემი შვილი აქ მუშაობდა, მაგრამ მერე გაირკვა, რომ ასე არ იყო. მე ვთანამშრომლობ ფონდთან „არ გაჩუმდე“ დღეს მათ შევხვდები. ეს საქმე არ უნდა დარჩეს ბურუსით მოფენილი. თუ საჭირო იქნება ადვოკატს დავიქირავებ". - თქვა გარდაცვლილი ქალის დედამ. 

26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე ასელ აიპაევა  მაისს მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა. 

პროკურატურის ცნობით, ის იყო მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. 

აიპაევა საქართველოში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ ჩამოვიდა. 

თავდაპირველად ის ნათესავებთან ერთად ცხოვრობდა, სადაც მასზე, სავარაუდოდ, სექსუალურად იძალადეს. შემდეგ კი მან საცხოვრებელი შეიცვალა. 

შაბათის ფორმულამ გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმის, რომ კაცი, სახელად ბესო, ქალს ემუქრება, აყენებს შეურაცხყოფას, ასევე, მოუწოდებს, ნათქვამი შეასრულოს და ფანჯრიდან გადახტეს.

"დაგმდუღრავ. რატომ არ გადახტი ფანჯრიდან?"- მიმართავს კაცი ქალს.

პროკურატურის განცხადებით, გოგო იყო ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი. ბესო თ-მ გოგო მუქარით გააუპატიურა, გოგომ კი ვერ გაუძლო მძიმე ფსიქოლოგიურ ტრავმას და მერვე სართულიდან გადახტა. 

ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

close დახურვა