logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა

04 აპრ 202012:33
3 წუთის საკითხავი
clock 4638
9wtg2b9kyfsb21m.jpg

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა საქართველოში - ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა დაადასტურა.

საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი 79 წლის ქალია. ის კლინიკაში 31 მარტს შეიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტი მარნეული-ბოლნისის კლასტერს განეკუთვნებოდა.

„31-ში კლინიკაში შემოყვანილ იქნა კრიტიკული პაციენტი ასაკით 79 წლის, რომელთანაც დადასტურებული იყო კორონავირუსი. ანამნეზში ამ პაციენთან იყო მკვეთრი წონის დეფიციტი, ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ ორმხრივად დადასტურდა მწვავე პნევმონია. მოგეხსენებათ, რომ კვლევების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, დაწყებული იქნა სიმპტომური მკურნალობა, მაგრამ მისი სომატური პათოლოგიებიდან გამომდინარე, დღეს დილის 9:00 საათზე დაფიქსირდა ლეტალობა“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კორონავირუსის გამო, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 30 მარტს მიიღო და რეგულაციები ძალაში 31 მარტს შევიდა. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტები. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 


close დახურვა