logo
ENG



საქართველოში ოპერირება უკრაინაში სანქცირებულ კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას სურს

16 მაი 202315:15
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/16/g7vv80ygjkmjepg.jpg

საქართველოში ოპერირებას უკრაინაში სანქცირებული კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია IrAero ითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო მედია TASS ავრცელებს.

TASS აღნიშნავს, რომ საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში მოსკოვიდან ბათუმისა და თბილისის მიმართულებით ფრენების მოთხოვნით ავიაკომპანიამ განაცხადი უკვე შეიტანა.

მედიის ინფორმაციითვე, ტრანსპორტის სააგენტოში შეხვედრა 19 მაისს გაიმართება და გადაწყდება, შეძლებს თუ არა ავიაკომპანიას საქართველოში ოპერირებას. მათივე განცხადებით, აქამდე IrAero-ს საქართველოს მიმართულებით ფრენები არასდროს განუხორციელებია.

მედიის ცნობით, IrAero 1999 წელს დაარსდა და რუსეთში წამყვან 20 უდიდეს ავიაკომპანიებს შორის არის. ის რუსეთის 70-ზე მეტ ქალაქში ახორციელებს ფრენებს და ასევე, დაფრინავს აზერბაიჯანის, სომხეთის, ისრაელის, ყაზახეთის, ჩინეთის, თურქეთისა და უზბეკეთის მიმართულებებით. აღსანიშნავია, რომ Азимут-ის მსგავსად, IrAero უკრაინის მიერ სანქცირებულია.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა - გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან შევიდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.

პარალელურად, მოქალაქეები პეტიციით ითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე სავიზო რეჟიმი დააწესოს, ასევე, უარი თქვას რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე, რუსეთთან ფარულ გარიგებებზე და საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციისათვის.

საქართველოში ფრენებზე ნებართვა უკვე გაიცა რუსულ ავიაკომპანია Азимут-ზე. თავდაპირველად ავიაკომპანიის საიტზე, სადაც მომხმარებლებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ცალკე ქვეყნებად იყო მითითებული.

დღეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეგულარული ოპერირების განხორციელებას ავიაკომპანია Georgian Airways იწყებს. ფრენები 20 მაისიდან დაიწყება და კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.


close დახურვა