საქართველოში ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა განმარტებებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი მისი განცხადებაა, რომელიც მედიაში გუშინ გავრცელდა.
ჩეხეთის ელჩი პეტრ მიკისკა აცხადებდა, რომ 2022 წელს ჩეხეთიდან საქართველოში საქონლის ექსპორტი თითქმის გაორმაგებულია და თქვა, რომ ამ ექსპორტის ნაწილი რუსეთში მიდის.
უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა ჩეხურ მხარეს კიდევ ერთხელ გააცნო ის კომპლექსური ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო ახორციელებს მსგავსი ფაქტების არდაშვებასთან დაკავშირებით და ელჩისაგან მოითხოვა დეტალური ახსნა-განმარტება იმისა თუ რას ეფუძნებოდა პეტრ მიკისკას განცხადება, რომელიც რეალობას არ შეესაბამება და ზიანს აყენებს როგორც ორი ქვეყნის თანამშრომლობას, ასევე საქართველოს რეპუტაციას.
საგარეოს თქმით, ჩეხეთის ელჩმა დააფიქსირა, რომ სამწუხაროდ მოხდა მისი სიტყვების მცდარი ინტერპრეტაცია და კონტექსტიდან ამოღებული ფორმით გავრცელება.
"მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას, ელჩმა აგრეთვე დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში შეკითხვები არ არსებობს", - აცხადებენ საგარეოში.