მოსახლეობას ცხოვრება გაუძვირდა. ხილი, შაქარი, ბოსტნეული, ხორცი, რძის ნაწარმი - სამომხმარებლო ფასები მაღალი ტემპით იზრდება. ხილი და ყურძენი გაძვირდა 26,9%-ით, რძის პროდუქტები 16%-ით, ხორცის პროდუქტები 14,7%-ით, შაქარი 13,7%-ით, ბოსტნეული 12,4%-ით, ხოლო პური, რომელიც მოსახლეობის დიდი ნაწილის რაციონში ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, 11 %-ით გაძვირდა. ქვეყანაში ინფლაცია 2017 წლის შემდეგ ზენიტშია და საქსტატის მონაცემებით, თითქმის 7%-ს შეადგენს და დაგეგმილ 3 %-იან მაჩვენებელს 2-ჯერ გადააჭრბა.
სამომხმარებლო ფასების კიდევ უფრო ზრდას პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი. მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზე გავლენას ლარის კურსის გაუფასურება ახდენს. ფონდი წლის ბოლომდე ინფლაციის მაჩვენებლის გაზრდას 7.2 %მდე ელოდება, რაც საქართველოსთვის ბოლო წლებში რეკორდული მაქსიმუმი იქნება. ლარის კურსის გაუფასურება სამომხმარებლო კალათაზე დრამატულად უკვე აისახა. ახლა შესაძლოა, საქსტატმა რეალურ ფასებთან სხვაობის დაფარვის მიზნით, საარსებო მინიმუმის დათვლა შეაჩეროს.
ამ ფონზე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ფინანსთა მინისტრი. ივანე მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად მუშაობითა და მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით, სიტუაციის დასტაბილურებას შეძლებენ. ლარის კურსის დევალვაციით ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებელს. კობა გვენეტაძე ადასტურებს, რომ წლის ბოლომდე პროდუქტებზე ფასები კიდევ უფრო გაძვირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებას 2020 წლის გაზაფხულზე ელოდება.
ფინანსთა მინისტრისგან განსხვავებით, ფასების მატება პრობლემურია პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარისთის. რომან კაკულია აღიარებს, რომ ფაქტობრივმა მაჩვენებელმა დაგეგმილს 2,5 -ჯერ გადააჭარბა. ხელისუფლებას არ აქვს ფასების დარეგულირების მექანიზმი - ამბობენ ოპოზიციაში. პოლიტიკოსების განცხადებით, ინფლაციის ზრდის მიზეზი მთავრობის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ გამოიწვია.
ამის ფონზე, დღის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ოფიციალური კურსით, 1 დოლარი ფასი 2 ლარი და 96 თეთრია.