სამთავრობო აკრძალვის შედეგად ყველა სავაჭრო ობიექტი დაკეტილია. ბანკების, აფთიაქებისა და სუპერმარკეტების გარდა, მაღაზიების უმეტესობამ მუშაობა გააჩერა.
მთავრობის გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს ცალკეული მაღაზიები მუშაობას აგრძელებდნენ. მუშაობას აგრძელებდა ელიავას ბაზრობაზე მდებარე მაღაზიების ნაწილიც. იქ მომუშავეები ბოლო შეკვეთებს ასრულებდნენ და ამბობდნენ, რომ ვადა დღის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა არ იციან რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევთ ამ ვითარებაში ყოფნა. დახურვის შესახებ მოვაჭრეები ბაზრის ადმინისტრაციამ დღეს გააფრთხილა. დირექტორი განმარტავს, რომ მუშაობა საბითუმო მოვაჭრეები გააგრძელებენ, თუმცა როგორ უნდა მოხდეს მათი გამიჯვნა, ამის განსაზღვრა რთულია.
დილიდან მუშაობდნენ ვაგზლის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობების ცალკეული დახლებიც. მხოლოდ ისინი, რომლებიც დახურული სივრცის გარეთ არიან. მოვაჭრეები ამბობენ, რომ დღიურ გამომუშავებაზე არიან დამოკიდებული და სხვა გამოსავალი არ აქვთ. ბაზრობების შიდა ტერიტორია კი მთლიანად დახურულია.
საცალო გაყიდვების ასოციაციების წევრები, სავაჭრო მოლებს, ბანკებსა და სახელმწიფოს შეღავათების გაკეთებას სთხოვენ. კომპანიები იმ პრობლემებზე საუბრობენ, რომელთა წინაშეც სავაჭრო ობიექტების დახურვის გამო აღმოჩნდნენ. ამბობენ, რომ დახმარების გარეშე, სახელფასო დავალიანებების გასტუმრებაც გაუჭირდებათ და სახელმწიფოსგან გადასახადების გადავადებას ითხოვენ.
ბიზნესისთვის შეღავათების კონკრეტულ გეგმას კომპანიები ხელისუფლებისგან მორიგ შეხვედრაზე ელოდებიან. სავაჭრო ობიექტების დახურვის გადაწყვეტილება მთავრობამ 19 მარტს მიიღო.