ქუთაისის შესასვლელებთან დილიდან საცობები შეინიშნება. სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე თერმოსკრინინგი ტარდება.
მოქალაქეების ნაწილი არსებული ვითარების გამო გაღიზიანებულია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ზოგიერთი მათგანი ქუთაისში შესვლას პროდუქტების შესაძენად ცდილობდა, თუმცა მათ ამის საშუალება არ მიეცათ, რადგან ქალაქში რეგისტრირებულები არ არიან.
ქუთაისში 35 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული. დაახლოებით ამდენივე მძღოლი გამოდის ქუჩებში. ისინი ამბობენ, რომ 10-დღიანმა აკრძალვამ პირდაპირ იმოქმედა მათ შემოსავალზე და იმედს გამოთქვამენ, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება.
დღეიდან ქუთაისში აგრარული ბაზრებიც იხსნება. თუმცა, როგორ მოახერხებს გლეხი პროდუქტის შეტანას და გაყიდვას, როდესაც ქალაქი პრაქტიკულად დაკეტილი რჩება, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ 2 დღით საქართველოს 4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში მიმოსვლა აღდგა, თუმცა მხოლოდ საგამონაკლისო წესით. ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით არის დასაშვები.