logo
ENG



საძაგლიშვილი: რურუას ადვოკატს უმალავდნენ, რომ საკანში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ

18 ივნ 202017:38
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი დასრულდა. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის ორი მოწმე დაკითხეს. ერთ-ერთი მოწმე ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეა, რომელიც არ ადასტურებს, რომ რურუას თან ჰქონდა იარაღი. მეორე კი თავად რურუას ადვოკატი, გაიოზ ნიჟარაძე იყო, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში რურუას მიმართ დაგეგმილ ღონისძიებებს არ დასწრებია, კერძოდ სამართალდამცველებს საკნიდან უნდა ამოეღოთ რურუას ნივთები. ადვოკატების მტკიცებით, რურუას ჩხრეკის პროცესი დარღვევით ჩატარდა, სწორედ ამიტომ, პროკურატურას მოუხდა უარი ეთქვა, მიღებულ მტკიცებულებებზე.

საქმის პროკურორის თქმით, ადვოკატმა შესაბამისი დოკუმენტაცია 20 დღის დაგვიანებით წარადგინა და სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რატომაც ის ჩატარებულ ღონისძიებებს არ დაესწრო. ასევე პროკურორის თქმით, რურუას ადვოკატი საქმის კურსში იყო, რომ იგეგმებოიდა რურუას ჩხრეკა.

„მეორე მოწმეს რაც შეეხება, ეს იყო გიორგი რურუას ადვოკატი, ამჟამად უკვე მოწმის სტატუსით და მას გააჩნდა პრეტენზია, რომ 3 იანვარს ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში არ მიაღებინეს მონაწილეობა. თუმცა იქვე დასძინა, რომ ადვოკატის ორდერი გამოძიებაში წარადგინა დაახლოებით 20 დღის შემდეგ, შესაბამისად არალოგიკური იყო მისი ჩვენება. როგორ შეიძლება საგამოძიებო მოქმედებებში მიიღო მონაწილეობა, როცა 20 დღის მერე მიაწვდი გამოძიება ადვოკატის ორდერს. ადვოკატი არ ესწრებოდა ამ საგამოძიებო მოქმედებას, თუმცა საქმის მასალებშია რომ სატელეფონო ზარი განხორციელდა მასთან და საქმის კურსში იყო რომ ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედება “,-აცხადებს პროკურატურა.

საპირისპიროს ამტკიცებს რურუას ადვოკატი. დიტო საძაგლიშვილი აცხადებს, რომ გაიოზ ნიჟარაძეს შესაბამისი დოკუმენტაცია წარდგენილი ჰქონდა და ის ჩხრეკის პროცესს შეგნებულად არ დაასწრეს. როგორც საძაგლიშვილი აცხადებს, რურუას ჩხრეკის პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა და სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ყალბი დოკუმენტები წარადგინეს.

„რაც შეეხება მეორე ადვოკატს, გაიოზ ნიჟარაძეს, მას წარდგენილი ჰქონდა ორდერი 5 დეკემბრიდან მოყოლებული ნომერ მერვე პენიტენციურ დაწესებულებაში, მაგ დღესაც მისული იყო და იმ დროს როცა გიორგი რურუას საკანში ატარებდნენ საგამოძიებო მოქმედებას, მისი ადვოკატი ელოდებოდა დაახლოებით 4 საათი გიორგი რურუას ამოყვანას და უმალავდნენ რომ საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობდა, ანუ პოლიციელებმა შეგნებულად არ დაასწრეს რურუას მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას მისი ადვოკატი, იმიტომ რომ ეს საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა უხეში დარღვევით, ყალბი დოკუმენტი შეადგინეს, ბუნებრივია ამ სიყალბეში ადვოკატის მონაწილეობა ხელს შეუშლიდა“,-განაცხადა დიტო საძაგლიშვილმა.

რურუას საქმის განხილვა ორშაბათს, 22 ივნისს გაგრძელდება. მომდევნო სხდომაზე ისევ დაგეგმილია დაცვის მხარის დაკითხვა.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ მეწილე 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. რურუა დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იარაღი სამართალდამცველებმა „ჩაუდეს“.

აღსანიშნავია, რომ რურუას არა მხოლოდ ოპოზიციური პარტიები, არამედ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილიც პოლიტპატიმრად მოიხსენიებს. დასავლელმა ლიდერებმა ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ არაერთხელ მოუწოდეს.


close დახურვა