logo
ENG



საძაგლიშვილი: ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის

15 ნოე 202111:38
3 წუთის საკითხავი
clock 637
ვახო ქარელი/ფორმულა

ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და მის სასამართლო დარბაზში გადაყვანაზე უარს სწორედ ამიტომ ამბობს.

ის პენიტენციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც შესაძლო დესტრუქციის საბაბით კვლავ უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს დარბაზში გადაყვანაზე.

უწყების მტკიცებით, დესტრუქცია, თავის მხრივ, ხელისუფლების დამხობის მიზანს ემსახურება.  

"როდემდე უნდა გამოიყენოს პენიტენციურია სამსახურმა სუს-ის ბოდვა არგუმენტად. ამ "საქმეზე" გამოძიება დაწყებულია 1 თვეზე მეტია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია. არც ერთი რეალური, ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. და ვერც ვნახავთ. ეს გამოძიება ზუსტად ამიტომ დაიწყეს - ჯერ ერთი, ეს იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი, ახლა კი კარგად გამოიყენეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არმიყვანის "გასაპრავებლად". ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებში არ მიაღებინონ მონაწილეობა, რაც არის წარმოუდგენელი რამ". - აცხადებს ადვოკატი. ​

პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზში არ გადაყავთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაცაა. უწყება ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არის, უზრუნველყოს ექსპრეზიდენტის დისტანციურად მონაწილეობა პროცესში ან სასამართლოს ჩატარება გლდანის მე-18 დაწესებულებაში. 

მიხეილ სააკაშვილს არ მიეცა საშუალება, 10 ნოემბერს დასწრებოდა 7 ნოემბრის საქმის განხილვას. მოსამართლემ მას არც დისტანციურად და ტელეფონით ჩართვის უფლება მისცა. სხდომაზე არ შეუშვეს ექსპრეზიდენტის 2 ადვოკატი. 

რაც შეეხება პიჯაკების საქმეს - ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვას ედავება. მასთან ერთად ბრალდებულია სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ყოფილი უფროსი, თეიმურაზ ჯანაშია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა 4 წლის განმავლობაში 9 მილიონი ლარი გაფლანგა. 


close დახურვა