ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო 17-18 ნოემბერს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის.
საქართველოს გარდა, პომპეო საფრანგეთს, თურქეთს, ისრაელს, ყატარს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს და საუდის არაბეთს ეწვევა.
ოფიციალური ტურნეს დაწყებამდე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს და პომპეოს დაგეგმილი ვიზიტების ძირითადი განსახილველი საკითხების შესახებ ილაპარაკეს. საქართველოსთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს:
"საქართველოში მაიკ პომოეო შეხვდება მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს. მას ასევე მიეცემა შესაძლებლობა, შეხვდეს მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს - ისინი მოკლედ ისაუბრებენ რელიგიის თავისუფლებაზე.
რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს, გააძლიეროს ევრო-ატლანტიკური კავშირები და გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები. 21 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურების ჩატარება იგეგმება, დაახლოებით 16 მანდატისთვის. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს დემოკრატიისთვის და ამ პოცესში ქართველი ხალხი აქტიურად მონაწილეობს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. და კიდევ ერთხელ, მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ რუსეთის შემოჭრას 2008 წელს საქართველოს რეგიონებში: აფხაზეთსა და ცხინვალში, რომელიც კვლავ რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
და ბოლოს, სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა მათგან მოისმინოს მოსაზრებები კანონის უზენაესობის, სასამართლოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის განხორციელების პროცესის და ადამიანის და ეკონომიკური უფლებების დაცვის შესახებ".