logo
ENG



სახ.დეპი: თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდა, კომპანიები შესაძლოა, დასანქცირდნენ

03 თებ 202310:40
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის შემთხვევაში, კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან, სანქციების საფრთხე შეექმნებათ. ინფორმაცია ამერიკის ხმას სახელმწიფო დეპარტამენტში განუცხადეს.

"ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტმა.

აშშ-ის დიპლომატიური უწყების თქმით, "მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა სასტიკ რეჟიმს და ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".

საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საუბარი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ამავე დროს, ის აქებდა საქართველოს მთავრობას, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გრიგორი კარასინი ამბობს, რუსეთი მზადაა, საქართველოსთან ფრენები აღადგინოს, მაგრამ ამისთვის ქართული მხარის თანხმობაა საჭირო.

ქართულ ოცნებაში ავიამიმოსვლის აღდგენაში პრობლემას ვერ ხედავნ და, პირიქით, მიესალმებიან კიდეც. ამავე დროს, ოპოზიციაში პირდაპირ საფრთხეს ხედავენ. 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ავიამიმოსვლის აღდგენის წინააღდეგია და ამბობს, რომ როდესაც ჩვენი პარტნიორები უკრაინის გვერდით დგანან, საქართველოს მთავრობის პოზიცია გაუგებარია. 


close დახურვა