აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს ყველა ძირითად უფლებაზე, მათ შორის, შესაბამისი მკურნალობის უფლებაზეც, პასუხისმგებელი საქართველოს ხელისუფლებაა.
შესაბამისი კომენტარი უწყებამ ამერიკის ხმას მისცა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტი "ძალიან ახლოდან აკვირდება [საქართველოს] ყოფილი პრეზიდენტის მკურნალობას".
"ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა და ადამიანური უფლებების დაცვა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. სახალხო დამცველის სამედიცინო ექსპერტების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ჩვენ განვაგრძობთ შესაბამის პირებთან სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის ადვოკატირებას," - წერია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ამერიკის ხმისთვის მიწოდებულ წერილობით განცხადებაში.
ამერიკაში ჩატარებულ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაში, რომელსაც პროფესორი დეივიდ სმიტი აწერს ხელს, წერია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილია მძიმე მეტალებისა და სხვა აგენტების არსებობა, მათ შორისაა ვერცხლისწყალი და დარიშხანი. ამ ნივთიერებებს უკავშირებს სპეციალისტი სააკაშვილის პათოლოგიურ სიმპტომებს.
ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ 3 ძირითად საკითხზეა საუბარი: ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობაზე, მისი მკურნალობის პროცესში მედიკამენტების ჭარბ, არამიზნობრივ გამოყენებასა და პოლიფარმაციის შედეგად ტვინის ქერქის დაზიანებაზე.
სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები მის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.