საქართველოში უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოლიტიკური მართლმსაჯულების მიმოხილვისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მთავარი არხის დამფუძნებლის გიორგი რურუას საქმეს, რომლის გათავისუფლებასაც ე.წ 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებდა.
ანგარიშში მოყვანილია არასამთავრობო ორგანიზაციების დაკვირვებები და დასკვნები რურუას საქმის შესახებ - ისინი წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დევნა პოლიტიკურ და მედიაქტორებზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტად იქცა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ გიგი უგულავასა და ოქრუაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ რურუა ციხეში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, შეთანხმება მის გათავისუფლებასაც გულისხმობდა.
"15 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა და გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა და გაათავისუფლა. ოპოზიციური პარტიები მათ გათავისუფლებას არჩევნების წინ გაფორმებულ 8 მარტის შეთანხმებაზე დაყრდნობით მოითხოვდნენ. ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო საზოგადოება შეწყალებას მიესალმა.
ოპოზიცია განაგრძობდა ხელისუფლებისთვის გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ მოწოდებას და მას პოლიტიკურ პატიმრად ახასიათებდა, რომლის პატიმრობიდან გამოშვებაც 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმებით იყო გათვლილი. საარჩევნო სისტემაში შესატანი ცვლილებების გარდა, შეთანხმება შეიცავდა პირობას, რომ ხელისუფლება უპასუხებდა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის შემთხვევებს. 30 ივლისს რურუას 2 ბრალდება წაუყენეს და 4 წლით პატიმრობა შეუფარდეს.
4 აგვისტოს 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება რურუას წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმის წარმოების გამო და განაცხადა, რომ "პოლიტიკური მოტივით გასამართლება ბოლო ხანებში იქცა იარაღად პოლიტიკურ ოპონენტებსა და კრიტიკულ მედიაგამოცემებზე გავლენის მოსახდენად", - ვკითხულობთ ანგარიშში.
საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულების შესახებ ჩანაწერში მაგალითებად თი ბი სი ბანკის დამფუძნებლების ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის, ტვ პირველის დამფუძნებლის მამის, ავთანდილ წერეთლის, ნიკა გვარამიასა და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეებია მოყვანილი, რომლებზეც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებენ.