logo
ENG



სახ.დეპის ანგარიში: სასამართლოში პოლიტიკური ჩარევა შეშფოთებას იწვევს

27 ივლ 202321:07
3 წუთის საკითხავი
 
2023/07/27/g1fnhjqx13t1ix4.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტის კიდევ ერთ დოკუმენტში აისახა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები. საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2023 წლის ანგარიშში მიმოხილულია, რა პრობლემებს აწყდებიან ინვესტორები სასამართლო სისტემაში.

"საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის ნაკლებობა და სისტემაში პოლიტიკური ჩარევა, განსაკუთრებით რეზონანსულ საქმეებში, შეშფოთებას იწვევს. შეშფოთებები, რომლებიც უკავშირდება მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს და სასამართლოების უნარს, ხარისხიანად განიხილოს საქმეები, კვლავ გავლენას ახდენს ინვესტორების სასამართლო სისტემისადმი ნდობაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები კარგია და საქართველო გამოირჩევა რეგიონის სხვა ქვეყნებისგან, თუმცაღა იზრდება უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობების მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად ან კომპეტენტურად. ზოგიერთი დავა კი წლების განმავლობაში იწელება.

"სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულებაში ხარვეზებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის არარსებობას, პოლიტიკური ჩარევის ბრალდებებს, რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებას და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებს", - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-მა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ მოსამართლეს "მნიშვნელოვან კორუფციაში" ჩართულობის გამო სანქციები დააკისრა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე შეფასებულია ეროვნული ბანკის საქმიანობა. ნათქვამია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულად იცავენ ამერიკისა და სხვა ქვეყნების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.


close დახურვა