2018 წლის მონიტორინგის შემდეგ პირველად, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შევიდა. მასთან ერთად პანსიონში მივიდა ომბუდსმენის მოადგილე, ეკა სხილაძე. მათ შენობაში მეუფე იაკობი შეუძღვა.
"დაგვიანებულია, თუმცა ვიცი, რომ 15 აღსაზრდელი იმყოფება დღეის მდგომარეობით. სანამ აქ მოვიდოდი შევხვდი სოციალურ მუშაკსაც. მართალია, დატოვა აღმზრდელების ნაწილმა დაწესებულება, რომელზეც პირდაპირი ძალადობის სავარაუდო ფაქტებს მიუთითებდნენ ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ კედლებში, ამ სივრცეში და ამ აღმზრდელების პირობებში, ბავშვები თავისუფლად ვერ გამოხატავენ საკუთარ ნებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ბავშვები გადაიყვანონ ალტერნატიულ ზრუნვაში. ვფიქრობ, მაინც მიმდინარეობს მათ მიმართ გარკვეული ტიპის ზეწოლა", - თქვა ნინო ლომჯარიამ პანსიონში შესვლამდე.
ამ ვიზიტის შემდეგ პანსიონში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ჩავლენ.
ნინოწმინდის პანსიონის ახალ დირექტორთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ომბუდსმენი პანსიონში ჩავა და მის მონიტორებსაც ექნებათ მუშაობის საშუალება.
ნინოწმინდის პანსიონს 14 ივნისიდან ყავს ახალი ხელმძღვანელი - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.
მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობის პერიოდში, 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველმა თქვა, რომ მას პანსიონში შეშვებაზე უარი განუცხადეს.
პანსიონს 14 ივნისიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა ჩაანაცვლა.
სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს.
ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. რამდენიმე აღსაზრდელმა ილაპარაკა გაუპატიურებაზეც.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში.
განჩინების ამ დრომდე შეფერხებით მიდის. ადგილზე მუშაობენ სოციალური მუშაკები, თუმცა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მედიასთან საუბარს უკრძალავს.
ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელები კი მუდმივი შანტაჟის ქვეშ არიან. ყოფილი ბენეფიციარების თქმით, მათგან მოითხოვენ, არ ილაპარაკონ და რაც უკვე საჯაროდ ან გამოძიებასთან თქვეს, უარყონ.
ერთ-ერთ აღსაზრდელს თავისი ბიძა მოკვლითაც დაემუქრა. ის მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ასევე, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება კიდევ 4 საქმეზე მიმდინარეობს - სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).