logo
ENG



სახალხო დამცველის ანგარიში: ოკუპირებულ ტერიტორიებზე უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს

02 აპრ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 
69s8ot96fcoo2f1.jpg

"უმძიმესი მდგომარეობა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით",-ასე ეხმაურება სახალხო დამცველის აპარატი თავის მორიგ ანგარიშში ე.წ. საზღვრის მიღმა არსებულ ვითარებას. 

როგორც 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული, დღემდე არ დამდგარა წინა წლებში მომხდარ მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პასუხისმგებლობის საკითხიც.

"2019 წელს საგანგაშო იყო ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვა, რამაც ახალგორის რაიონში ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის პრობლემები გამოიწვია. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა იმის გამო, რომ ვერ მიიღეს სათანადო სამედიცინო მომსახურება. ასევე, სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ შეიზღუდა გადაადგილება ენგურის ხიდზე. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების (მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის) ე.წ. საზღვრის კვეთისთვის უკანონო დაკავების/პატიმრობის ფაქტები და „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება",-ნათქვამია დოკუმენტში. 

სახალხო დამცველი ასევე მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ, გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივების მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც, მათ შორის ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე.

"ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევას წარმოადგენს პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში, ასევე სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების რეალიზება. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება იზღუდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება",-აღნიშნულია დოკუმენტში. 

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატმა ყოველწლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობის თაობაზე. 


close დახურვა