logo
ENG



სახდეპი: პოლიტიკის გადახედვა მიმდინარეობს, მზად ვართ განვახორციელოთ დამატებითი ქმედებები

31 ივლ 202421:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/07/31/3chxyi07v9puk9z.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი ეხმაურება აშშ-ის მხრიდან საქართველოს მთავრობისთვის პირდაპირი დახმარების შეწყვეტას და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ქართული ოცნების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო გადაიდგა.

მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს "პოლიტიკის გადახედვა" და აშშ მზადაა განახორციელოს "ნებისმიერი დამატებითი ქმედება"

პატელი საუბრობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე, გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ასევე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებიდან.

პატელის განცხადებით, ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე.

"დღეს დილით სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აჩერებს 95 მილიონი აშშ დოლარის დახმარებას, რაც ითვალისწინებდა სარგებელს საქართველოს მთავრობისთვის. აშშ-ი ამ ნაბიჯს დგამს საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც შეუთავსებელია ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებთან.

უნდა გვახსოვდეს, რომ ქართველი ხალხის თითქმის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ საქართველოს მთავრობა თავისი ქმედებებით, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით მოკავშირეებისა და პარტნიორების შესახებ, აშორებს ქვეყანას მისი მოქალაქეების ევროპული მისწრაფებებიდან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონისა და სხვა პრობლემური კანონმდებლობის გაუქმებით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისა და არჩევნების, მათ შორის, წინასაარჩევნო სეზონის გამჭვირვალედ ჩატარების ვალდებულებით, საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შეუფერხებელი მუშაობით.

ჩვენი ორმხრივი კავშირები ახლა გამორჩეულ რთულ მომენტშია, შეერთებული შტატების ერთგულება ქართველი ხალხისადმი და მათი მისწრაფებები აბსოლუტურად მდგრადია, ჩვენ გავაგრძელებთ პროგრამებსა და აქტივობებს მხარდაჭერას, რომლებიც სასარგებლო იქნება საქართველოს მოსახლეობისთვის, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის გაძლიერებით დავეხმარებით დამოუკიდებელ მედიას და ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ განვითარებას. პოლიტიკის გადახედვა ახლა მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ განვახორციელოთ ნებისმიერი დამატებითი და შესაბამისი ქმედება, როგორც ეს საჭირო იქნება. ზოგიერთ შემთხვევაში დახმარების პროგრამები შეიძლება შეიცვალოს, რათა რესურსები გადამისამართდეს კონკრეტულ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებზე"- აცხადებს პატელი.

აშშ საქართველოს მთავრობისთვის $95 მლნ-ის პირდაპირ დახმარებას აჩერებს


close დახურვა