logo
ENG



სახელმწიფომ რობერტ სტურუას თბილისში 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა

06 თებ 202201:14
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/06/s00van0x4uwqg3g.jpg

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რობერტ სტურუას თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა. 

რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხსენებული მიწა გასული წლის მარტში ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაში ფიქსირდებოდა, თუმცა 2021 წლის 10 ნოემბერს რობერტ სტურუამ მიწის ნაკვეთის გადაცემა სიმბოლურ ფასად მოითხოვა. მისი წარმომადგენელი როინ ნოზაძე იყო. 

"მოვითხოვ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოახდინოთ პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქალაქი თბილისი, სოფელი თხინვალა, იოსებ კეჭაყმაძის ქუჩა, N 2 [ზონა:მცხეთა, სექტორი: ლისი] და განცხადების წარმომდგენზე გასცეთ", - წერია დოკუმენტში. 

საჯარო რეესტრის ამონაწერით ირკვევა, რომ უკვე 16 ნოემბერს მიწის მესაკუთრედ რობერტ სტურუა დარეგისტრირდა. როგორც დოკუმენტში წერია, მიწა სტურუას "ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პირობით გადაეცა", თუმცა რა ვალდებულებაზეა საუბარი, უცნობია. 

უკვე 29 ნოემბერს რობერტ სტურუამ ხსენებული მიწის ნაკვეთი როინ ნოზაძეს აჩუქა, რაც საჯარო დოკუმენტაციით დასტურდება. ნოზაძე რობერტ სტურუას წარმომადგენელი იყო საჯარო რეესტრში, როდესაც რეჟისორი სახელმწიფოსგან მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემას ითხოვდა. 

საჯარო დოკუმენტაციით დგინდება, რომ ამ დროისთვის მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული 177.06 კვ.მ-ის შენობა-ნაგებობის მფლობელი შპს ჯეო-ოლიმპია

თავდაპირველად ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. მათი ინფორმაციით, როინ ნოზაძემ ხსენებულ კომპანიას, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აკაკი მოწონელიძეა მიწის ნაკვეთი 221 250 დოლარად მიჰყიდა. თავად რობერტ სტურუამ ტვ პირველთან ინტერვიუში მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემის ფაქტი უარყო.


close დახურვა