logo
ENG



სენატორი: ოცნება მზადაა, მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები

23 მაი 202400:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/23/8smo7m9877u99rl.jpg

რესპუბლიკერი სენატორი და აშშ-ის სენატში უმცირესობის ლიდერი, მიტჩ მაკკონელი საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. განცხადების თარგმანს ამერიკის ხმა ავრცელებს. 

სენატორი მმართველ პარტიას მოსკოვისთვის "ხელსაყრელ პარტიად" მოიხსენიებს და ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოცნება მზადაა, ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები მოაშთოს. 

"საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და მის დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია ქართული ოცნება მზად არის, მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები. მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოში] საკმაოდ დიდი პოლიტიკური ოპოზიციაა, ის საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ქრონიკულად დაყოფილია. პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. გამოკითხვებში ხუთიდან ოთხი ქართველი ამბობს, რომ მათ მკაფიოდ ევროპული მომავალი სურთ. მათ სწამთ, რომ დასავლეთის სამეზობლოში თავის დამკვიდრება, დემოკრატიულ ქვეყნებს შორის, სადაც უპირატესია კანონის უზენაესობა, მათ საუკეთესო ინტერესშია. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო - აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როცორიცაა პუტინი და სი ძინპინი. 

[...] როგორც ქართველი ხალხის მეგობრებს მთელი დასავლეთის მასშტაბით, მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი იამაყებენ. - მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა, მათ წვრილმან უთანხმოებებს გვერდზე გადაადებინებს და გააერთიანებს. რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა იყოს ის მომენტი, როცა საქართველოს მმართველი პარტია გააცნობიერებს თავისი ხალხის ნების უგულვებელყოფის საფასურს, რაც პუტინის ახირებების შესრულების მიზნით ხდება და დროულად შეაჩერებს დასავლეთთან ურთიერთობის წყალში გადაყრის პროცესს. იმედი მაქვს, თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები [ქვეყნის] სუვერენიტეტს [რუსეთისადმი] მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ... და ისინი პარლამენტიდან რუსულ კანონს გაიწვევენ", - განაცხადა სენატორმა.

 

close დახურვა