სენატის საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელი წევრი, ჯიმ რიში ეხმაურება საქართველოს მთავრობის ნაბიჯს უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე და ამბობს, რომ ეს კითხვებს აჩენს.
"მთავრობის გადაწყვეტილება, უარი თქვას ევროკავშირის დახმარებასა და ევროკავშირის მიერ დადგენილ პირობებზე, აჩენს კითხვებს საქართველოს მომავალსა და კანონის უზენაესობაზე, რაც აუცილებელია თითოეული მოქალაქის დასაცავად", - აცხადებს სენატორი რიში ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.
სენატორი აცხადებს, რომ ორივე პარტიამ უკეთესი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად უნდა იმუშაოს.
"ორივე პარტიამ უნდა დაიცვას 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება და იმუშაოს საქართველოში უფრო მშვიდობიანი და თანამშრომლობითი პოლიტიკური გარემოს შესაქმნელად, მათ შორის 2 ოქტომბერს, სუფთა და სამათლიანი ადგილორბივი არჩევნების ჩატარებით", - ამბობს სენატორი.
ამასთან, ჯიმ რიშის თქმით, დაგვიანებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილება, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე.
"კარგია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საბოლოოდ დაინახა 19 აპრილის შეთანხმების სარგებელი, მაგრამ ეს ჟესტი ძალიან მცირე და დაგვიანებულია. თვეების განმავლობაში, ხელმოწერაზე უარის თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ შეარყია შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო მმართველი პარტიის, ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, დაეტოვებინა შეთანხმება", - ამბობს ის.
მმართველი გუნდი ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, ევროკავშირი კი აცხადებს, რომ საქართველომ ვერ შეძლო, მიკროფინანსური დახმარების პირობა სრულად შეესრულებინა.