სენატორი ჯიმ რიში ამბობს, რომ საქართველოსთვის [ფინანსური/სამხედრო] დახმარების მიცემის პირობითობაზე ფიქრობს და სწორედ ამიტომ დასვა შეკითხვა ამაზე სენატში გამართული მოსმენისას. სენატორ რიშს ამერიკის ხმამ სთხოვა, განემარტა მისივე შეკითხვა პირობითობის დაწესებაზე.
"თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დავსვი, ცხადია იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის თავდაპირველ არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება.
ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ.
მეორეს მხრივ, ჩვენ საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს", - განმარტავს რიში.
23 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების" თემაზე მოსმენა გაიმართა. მოსმენაზე გადაწყვიტეს, რომ აშშ-ს სენატში, შესაძლოა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე რეზოლუცია მიიღონ.