logo
ENG



სენატორი რიშისა და შაჰინის გზავნილებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ - დეგნანი

24 ივლ 202016:37
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აშშ-ს სენატის მიერ დღეს მიღებულ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ეხმაურება, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. 

ეს ის დოკუმენტია, რომელშიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა, 26 ივნისს ცვლილებების ინიცირება მოახდინა.

ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობას, 8 მარტის შეთახმებასა და გიორგი რურუას პატიმრობაში ყოფნას ეხებოდა. აშშ-ს თავდაცვის აქტის საბოლოო ვერსიაში ხსენებული ცვლილებები არ შევიდა. 

დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია სენატორებისა და კონგრესმენების გზავნილებს სერიოზულად მივუდგეთ, ვინაიდან მათ საქართველოსთვის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ.

„ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია მთლიანად წავიკითხოთ კანონპროექტი. მრავალი პოზიტიური შეფასებაა იმის თაობაზე, თუ რას მიაღწია საქართველომ და იმის შესახებ, თუ რისი ნახვა სურს აშშ-ს საქართველოს მხრიდან, დემოკრატიისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.  

ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გზავნილია. ვფიქრობ, რომ ყოველთვის როდესაც გზავნილს იღებთ სენატორი შაჰინისგან ან სენატორი რიშისგან, ან კონგრესის იმ წარმომადგენლებისგან, ვინც სიღრმისეულად ზრუნავს საქართველოს წარმატებაზე, მნიშვნელოვანია, რომ ამ გზავნილს სერიოზულად მოვეკიდოთ და მოვისმინოთ, თუ რას ამბობენ ისინი, ვინაიდან ეს ადამიანები იცნობენ საქართველოს და ზრუნავენ საქართველოს წარმატებაზე", - განაცხადა დეგნანმა.  

აშშ-ს სენატმა 23 ივლისს მხარი დაუჭირა 2021 წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს, რომელიც თავდაცვის ხარჯებისათვის მომავალ წელს ბიუჯეტიდან 740.5 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.  

კონგრესში კვლავ განიხილება კანონპროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების 15%-ის გარკვეული პირობების დაკმაყოფილებამდე შეჩერებას ითვალისწინებს.

 


 


close დახურვა