საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს თქმით, თამარ ჟვანიას მიერ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება მისთვის "ადამიანურად გასაგებია".
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ჟვანია თვეების განმავლობაში "დაუმსახურებელი შეურაცხყოფისა და წნეხის ქვეშ იყო".
"წავიკითხე მისი განმარტება, თუმცა ჩემ მოსაზრებასაც მოგახსენებთ: ადამიანურად ძალიან მესმის მისი ეს გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ამ თვეების განმავლობაში ჩემი აზრით დაუმსახურებელი შეურაცხყოფის და დაუმსახურებელი წნეხის ქვეშ იყო. დაუმსახურებელი იმიტომ, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ვისი სპეციალობაც არის არჩევნების შედეგების შესწავლა, დაადასტურა, რომ ხარვეზები იყო მაგრამ სერიოზული დარღვევები არ ყოფილა", - თქვა სერგეენკომ.
იმას, რომ ჟვანია ერთი კვირის წინ გადადგომას არ აპირებდა, დღეს კი პოზიცია შეცვალა, სერგეენკო ასე ხსნის:
"რაც შეეხება იმას, რომ ზეწოლის ქვეშ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება თუ არა - არამგონია. რატომ თვლიდა ადრე, რომ არ წავიდოდა და რატომ გადაწყვიტა დღეს, ესეც ადამიანურად მესმის, სუბიექტური გადაწყვეტილებაა და სტრესის ქვეშ შეიძლება ბევრი რამე გააკეთოს ადამიანმა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა. მან Facebook-ზე დაწერა, რომ თანამდებობაზე ყოფნა კიდევ ორ წელზე მეტი ხნით შეეძლო, თუმცა, მიაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. ჟვანიას თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება.
თამარ ჟვანიას გადადგომას ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ითხოვდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, გაყალბებაში მონაწილეობა კი თავად ჟვანიამ მიიღო.