დავით სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა - საკითხს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი დღეს უყარა.
როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, კომიტეტმა დავით სერგეენკოსთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის საგაზაფხულო სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე მეტს არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო.
სერგეენკოს მიერ პარლამენტის დატოვების შესახებ ცნობები მას შემდეგ ვრცელდება, რაც დეპუტატმა მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია დაიკავა ე.წ. რუსული კანონის განხილვისას. სერგეენკო ამ პერიოდის შემდეგ პარლამენტში მუშაობას ფაქტობრივად აღარ აგრძელებდა.
პარალელურად, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ქეთევან დუმბაძისათვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას - დუმბაძე თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლს ხელმძღვანელობს.