თბილისის საქალაქო სასამართლო რუსი ბიზნესმენის, სერგეი ბოკაროვის საექსტრადიციო საქმეზე მსჯელობს. ბოკაროვმა, რომელიც რუსეთიდან პოლიტიკური დევნილია, ქვეყანა ოჯახთან ერთად 2018 წლის 22 დეკემბერს დატოვა. ის რუსი ოპოზიციონერის სერგეი ნავალნის მხარდაჭერის გამო იდევნება. საქართველოში ჩამოსვლისას მან თავშესაფარი ითხოვა, თუმცა მიგრაციის დეპარტამენტისგან უარი მიიღო. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ საკითხი, პროცედურული დარღვევებით და ზერელედ განიხილეს. ამჟამად დავას, საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია განიხილავს.
პროცესზე საქალაქო სასამართლოში საქმის მხარეები შესავალი სიტყვით წარდგნენ, სერგეი ბოკაროვას უფლებადამცველებმა ვრცლად ისაუბრეს იმ დარღვევაზე, რაც გამოვლინდა თავშესაფრის საკითხის განხილვის პროცესში. როგორც დაცვის მხარე აცხადებს არ იყო გათვალისწინებული არცერთი ის გარემოება, რომელზეც ბოკა საუბრობს მათ შორის პოლიტიკურ დევნაზე, რომელიც რუსეთში მის წინააღმდეგ ხორციელდება. საუბარია, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდაჭერაზე და კრემლის საგარეო პოლიტიკის გაკრიტიკებაზე.
„მიგრაციის დეპარტამენტმა არ შეისწავლა სრულყოფილად მისი მდგომარეობა, რატომ იქნა ის წამოსული ემიგრაციაში, რატომ დატოვა რუსეთი, რა ემუქრებოდა იქ. იქ მას ედავებიან ფინანსურ დანაშაულებს, ის არის ბიზნესმენი და თვითონ რუსეთის ომბუდსმენის მხრიდანაც არის მოცემული დასკვნა, რომ მისი დევნა არ შეესაბამება რუსეთის კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს“,-განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.
სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა წარადგინა, რომ სასამართლო პროცესზე გამოიკითხოს ბოკაროვის მეუღლე. როგორც ოლგა ბოკაროვა აცხადებს, ის არ გამორიცხავს, რომ სამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგაც დაიწყოს.
„ჩემს მეუღლეს წამება ემუქრება, საქმე უკვე ჩამოშლილია ამიტომ სურვილი ექნება თავად აღიარონ ის რაც თავად სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ საქმეს ჩემს წინააღმდეგაც აღძრავენ, ალბათ, იტყვიან, რომ მეც თანამონაწილე ვარ, ჩემი შვილები კი შეიძლება ბავშვთა სახლში აღმოჩნდნენ, ამიტომ კარგს არაფერს ველი“,-განაცხადა ოლგა ბოკაროვამ.
სერგეი ბოკაროვას სასამართლო პროცესი ამ დროისთვის დასრულებულია, მომდევნო სხდომა 5 მარტს არის ჩანიშნული, შემდეგ სასამართლო პროცესზე სასამართლო დაცვის მხარის მოწმეს, სერგეი ბოკაროვას მეუღლეს მოუსმენს.