რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა Telegram-ზე ავრცელებს.
სერგეი ლავროვი აშშ-ში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ის სხდომის თავმჯდომარე იქნება. სერგეი ლავროვის ვიზიტი 24-25 აპრილს გაგრძელდება.
"სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა. ხვალ მისი თავმჯდომარეობით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება", - წერს ზახაროვა.
როგორც ცნობილია, დაგეგმილია სერგეი ლავროვისა და გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შეხვედრაც.
შეერთებულმა შტატებმა რუსული სამთავრობო მედიების ჟურნალისტებზე ვიზები არ გასცა, რასაც ლავროვმა "სისულელე" უწოდა და თქვა, რომ მოსკოვი ამას "არ დაივიწყებს და არ აპატიებს".
აშშ-მა რუსეთის დელეგაციისთვის ვიზების გაცემა მხოლოდ გასული კვირის ბოლოს დაიწყო. ლავროვმა ოთხშაბათს გაეროს მთავარი ოფისი საკუთარ ტერიტორიაზე მდებარეობის ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა.
2023 წლის პირველი აპრილიდან რუსეთი ერთი თვით გაეროს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უკრაინა საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებდა დაებლოკათ აღნიშნული ნაბიჯი.
ეს ნიშნავს, რომ ახლა უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობს ქვეყანა, რომლის პრეზიდენტის დასაკავებლად საერთაშორისო ორდერია გაცემული.
როლი ძირითადად პროცედურულია, მაგრამ რუსეთის ელჩმა გაეროში, ვასილი ნებენზიამ გამოცემა TASS-ს განუცხადა, რომ რამდენიმე დებატის ზედამხედველობას გეგმავს, მათ შორის შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით.