logo
ENG



სერგი კაპანაძე: ოკუპანტები ტყვედ ამყოფებენ მოსახლეობას და როცა ცუდად არიან ექიმთან არ უშვებენ

20 მაი 202017:27
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ კარალეთთან 63 წლის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ოპოზიციონერი დეპუტატები აფასებენ. მათი განცხადებით, მსგავს ფაქტებზე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება უნდა მოხდეს, რათა გაიზარდოს წნეხი რუსეთის ფედერაციაზე.

„ისინი პრაქტიკულად ტყვედ ამყოფებენ მოსახლეობას, მძევლები არიან მათი და როდესაც დაავადებულები არიან მათაც კი არ უშვებენ აქეთ. ეს იმსახურებს მძიმე საერთაშორისო შეფასებებს. ყველა ასეთ ფაქტზე უნდა მოხდეს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება, რომ წნეხი გაიზარდოს რუსეთის ფედერაციაზე“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგლა ბარამიძე კი აცხადებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის ამგვარ ქმედებებს ყოველთვის უნდა მოჰყვეს პასუხი. მისივე თქმით, ოკუპანტებმა მსგავსი ქმედებების გამო პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. 

„ამას სჭირდება ძალიან ხანგრძლივი და სერიოზული მუშაობა სწორი მიმართულებით. ასეთ ფაქტებზე ოკუპანტებმა შესაბამისი ფასი უნდა გადაიხადოს, იქნება ეს პოლიტიკური, დიპლომატიური თუ ეკონომიკური“, - განაცხდა გიგლა ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ 63 წლის მამაკაცი ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ სოფელ კარალეთთან მაშინ გარდაიცვალა, როცა წითელ ჯვარს ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდათ.


close დახურვა