„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი სერგი კაპანაძე კონგრესმენების კრიტიკულ გზავვნილს ეხმაურება.
კაპანაძის შეფასებით, კონგრესმენების დოკუმენტი ივანიშვილისთვის განაჩენივით არის.
„ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა კონგრესმენები და ჩვენი პარტნიორები ასეთ მწვავე შეფასებებს აკეთებენ, მაგრამ ეს მოხსენება არის განაჩენივით. პრაქტიკულად მათ თქვეს, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ატარებს საქართველოში და ძირს უთხრის ქვეყანას. ეს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანოს ქართველმა ხალხმა ოქტომბრის არჩევნებზე, იმიტომ, რომ სრულიად წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა გააგრძელოს ადამიანმა, რომლის მიმართაც ასეთი დამოკიდებულება გააჩნიათ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს. ნათელია, ვის უჭერს და ვის არ უჭერს მხარს დასავლეთი და ნათელია, რომ ივანიშვილის ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა სრულ კრახამდე, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც არის ეს ძალიან შემაშფოთებელი და ძალიან მწვავე მოხსენება“, - განაცხადა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.