logo
ENG



სეს: საქართველოში კალიების შემოჭრა არ დაფიქსირდება

19 მარ 202015:48
3 წუთის საკითხავი
 
n61f8vw90itxgfm.png

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უდაბნოს კალიის მიგრაცია საქართველოში არ დაფიქსირდება.

როგორც სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს.

სეს-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს იტალიური და მაროკოული კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებებს, რომლებიც ფიქსირდება აღმოსავლეთ საქართველოში-კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში.

მავნებლის მონიტორინგის და პრევენციის მიზნით, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო რეგიონული კვლევები.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იტალიური კალიის პოპულაცია კონტროლირებადია, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.

იტალიური კალიის გარდა საქართველოში გავრცელებულია კალიის სხვა ენდემური სახეობები, რომლებიც არ წარმოადგენენ საფრთხეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ყოველწლიურად აქვეყნებს სხვადასხვა სახეობის, მათ შორის უდაბნოს კალიის მიგრაციის რუკას, რომელიც გავრცელებულია აფრიკის კონტინენტზე, არაბეთის ნახევარკუნძულზე, ერაყისა და ირანის სამხრეთ ნაწილში. აღნიშნული მავნებელი საქართველოს ტერიტორიაზე არასდროს დაფიქსირებულა და ორგანიზაციის 2020 წლის პროგნოზით, მავნებლის გეოგრაფიული არეალის გაზრდა და მისი შემოჭრა საფუძველს მოკლებულია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჩრდილო და ცენტრალური აფრიკის ნაწილს მილიარდობით კალიამ გადაუფრინა.

კალიები ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში გადავიდნენ.


close დახურვა