logo
ENG



სიმონიშვილი: სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანიდან, ის მოტყუებით წაიყვანეს

09 ნოე 202100:24
3 წუთის საკითხავი
 

საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოდან დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ, რადგან ის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. 

სიმონიშვილი აღნიშნავს, რომ ციხის კლინიკაში არაა სათანადო პირობები და ამასთანავე, სააკაშვილისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა. 

"სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ გლდანის დაწესებულებიდან. ის მოტყუებით წაიყვანეს ამ დაწესებულებაში და ამის გასამართლებლად მორიგი უკანონოდ გავრცელებული კადრები ვნახეთ. გლდანში არაა სათანადო პირობები მკურნალობისთვის და რაც მთავარია, მისთვის დამამცირებელი და არაადამიანური გარემოა", - ამბობს სიმონიშვილი.

პენიტენციურმა სამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ალაგებს საკუთარ ნივთებს მიხეილ სააკაშვილი და გადის რუსთავის ციხის საკნიდან. უწყების მტკიცებით, "სააკაშვილს არ დაუტოვებია პენიტენციური დაწესებულება მისი ნების საწინააღმდეგოდ". 

ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. ლომჯარიას თქმით, მას მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, რომ რუსთავის ციხიდან გაყვანის დროს, მას დაუმალეს, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაჰყავდათ. 

კერძოდ, სააკაშვილს უთხრეს, რომ ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, რის შემდეგაც ის რუსთავის ციხის ექიმებს დაემშვიდობა და ნივთების მოგროვება დაიწყო. 

გარკვეული დროის განმავლობაში მესამე პრეზიდენტის ადგილსამყოფლის ვინაობა უცნობი იყო, მოგვიანებით კი პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მიზეზად პენიტენციურმა "ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენცია და მომატებული საფრთხეები" დაასახელა. 

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.

ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია არ აქვთ არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატებს. გლდანის ციხის საავადმყოფოში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები არიან შესული.


close დახურვა