logo
ENG



სინოდმა მეუფე პეტრე სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა, საკითხზე სპეციალური კომისია იმსჯელებს

12 თებ 202121:15
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/rb108670rsjo6hn.jpg

საქართღველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას სასულიერო ხარისხიდან არ განკვეთა. 

თუმცა, სინოდის განჩინების მიხედვით, შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს. 

"წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას", - წერია განჩინებაში. 

მას შემდეგ, რაც 2019 წლის 31 სექტემბერს სინოდმა მეუფე პეტრეს მღვდელმოქმედება შეუჩერა და მოსანანიებლად მონასტერში გაგზავნა, ხოლო ჭყონდიდის მიტროპოლიტი სინოდის განჩინებას არ დაემორჩილა, არსებობდა მოლოდინი, რომ წლევანდელ სხდომაზე სინოდი პეტრეს სასულიერო ხარისხიდან განკვეთდა. 

დღეს ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა განაცხადა, რომ მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთდნენ და მას ფიზიკური ანგარიშსწორებითაც დაემუქრა. 

იმავეს აცხადებდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი სინოდის სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე. 

"იქნება განკვეთილი და მერე უკვე, მღვდელმთავრის ხარისხი რომ არ ექნება, დანარჩენ იმაზე, როგორც პასუხს აგებენ ხოლმე ცილისწამებებზე, პირადად მე, ვერსად დამემალება ვერც მაგი და ვინც მაგის ხელშემწყობია", - თქვა მეუფე იაკობმა. 

საპატრიარქოსთან მეუფე პეტრე ცაავას კონფლიქტი ციანიდის საქმის გარშემო ამტყდარი სკანდალის გამო გამწვავდა. იქამდე, მიტროპოლიტმა პეტრემ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შესახებ საჯაროდ ისაუბრა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების დღიდან, მეუფე პეტრე მისი უდანაშაულობის დამტკიცებას ცდილობდა და საპატრიარქოს დაკავებული დეკანოზის განთავისუფლებისთვის ხელისუფლებასთან შუამდგომლობისკენ მოუწოდებდა. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილმა პროვოკაცია მოუწყო.

საჯარო კრიტიკისა და მოწოდებების შემდეგ, მეუფე პეტრე საპატრიარქოს ტელევიზიის "ერთსულოვნების" დირექტორობიდან გაათავისუფლეს და მას გაფრთხილება მისცეს. მიტროპოლიტმა მაშინ განაცხადა, რომ ტელევიზიას პირადად კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ ჩამოაშორა.

2019 წლის 31 ოქტომბრის სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმოქმედება შეუჩერეს და სინანულისთვის მონასტერში გაგზავნეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი უწოდა", სინოდის განჩინებას კი არ დაემორჩილა.

მას შემდეგ, მეუფე პეტრემ არაერთხელ ისაუბრა საპატრიარქოში ერთპიროვნული მმართველობისა და "გარყვნილების" პრობლემებზე და პატრიარქი არაერთხელ დაადანაშაულა იერარქობრივად დაქვემდებარებულ მამაკაცებთან გარყვნილ ურთიერთობაში. მეუფე პეტრე საჯარო გამოსვლებში ყვება, რომ საპატრიარქოში რეალური ძალაუფლება პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის ხელში არის კონცენტრირებული. ჭყონდიდელ მიტროპოლიტს არაერთხელ უსაუბრია ასევე საპატრიარქოში რუსული გავლენების შესახებ.


close დახურვა