logo
ENG



სინოდმა მორწმუნეთა ვაქცინაცია დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ანტივაქსერული მოწოდებები არ დაგმო

12 თებ 202121:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/11/4wg0tg1n71507aa.jpg

წმიდა სინოდმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატით მორწმუნეთა ვაქცინაცია დასაშვებად მიიჩნია, თუმცა ეკლესიის შიგნით პანდემიის დაწყებიდან მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების ანტივაქსერული მოწოდებები არ დაგმო. 

კორონავირუსის ვაქცინის შესახებ არაერთგვაროვანი განცხადებები სასულიერო პირების მხრიდან ბოლო რამდენიმე თვეა დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ბუნდოვანი პოზიციების გამო სინოდის სხდომის განჩინებას მრავალი აქტორი სწორედ კორონავირუსის ვაქცინის შესახებ საპატრიარქოს პოზიციის გამორკვევის მიზნით ელოდა. 

საბოლოოდ, სინოდმა მორწმუნეთა ვაქცინაცია დაუშვა და განაჩინა, რომ:

"ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ამ უფლების დაცვისკენ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს.

მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის, ან დევნის, ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში", - ნათქვამია განჩინებაში. 

 ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მოსახლეობის ვაქცინაცია პანდემიის დამარცხების ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზა იქნება, ისევე როგორც ეკონომიკური საქმიანობის აღდგენისა და საკარანტინო შეზღუდვების მოხსნის მთავარი წინაპირობა. 

მიუხედავად ამისა, სინოდმა ვაქცინის გაკეთება მხოლოდ ნებაყოფლობით დაუშვა და მორწმუნეებს ვაქცინაციისკენ მკაფიოდ არ მოუწოდა. 

საქართველოს საპატრიარქოს ეკლესიის მღვედელმთავრებისა და მღვდელმსახურების მხრიდან კორონავირუსის ვაქცინის შესახებ კონსპირაციული თეორიებისა და ანტივაქსერული პოზიციების გავრცელება ამ დრომდე არ დაუგმია. 

 

 

 


close დახურვა