logo
ENG



სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ ივანიშვილს რუსეთთან აქვს კავშირი - ზალკალიანი

11 ივნ 202014:17
3 წუთის საკითხავი
 

„ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია და საერთოდ სირცხვილია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ მიჰყავს“, - ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების ანგარიშს.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ზალკალიანმა ამერიკის  შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა საგარეო პოლიტიკური კუთხით და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, არასდროს ყოფილა ისეთი სტაბილური, როგორც ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშია.

„გავიხსენოთ თუნდაც ის, რა წვლილი შეაქვს საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის ავღანეთის ოპერაციებში. 32 ქართველი ჯარისკაცი ჩვენი თანამემამულე არის დაღუპული ამერიკელ  პარტნიორებთან ერთად. ეს არის ჩვენი წვლილი შეტანილი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. როგორ შეიძლება საერთოდ ვისაუბროთ იმაზე, რომ "ქართული ოცნების“ პარტიის ლიდერს მიჰყავს ქვეყანა დესტაბილიზაციისკენ და რუსეთისკენ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებენ. ქვეყანა, რომელიც დღეს არის ასოცირებული წევრი, რომელსაც აქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, სავიზო ლიბერალიზაცია. აქედან გამომდინარე ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია და საერთოდ სირცხვილია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს აქვს კავშირი რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ. არასდროს ისეთი სტაბილური, საგარეო პოლიტიკური კუთხით და თანამშრომლობით ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან, არ ყოფილა ქვეყანა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, ამერიკელმა კონგრესმენებმა მწვავე ანგარიში გამოაქვეყნეს, სადაც ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა. დოკუმენტში რომელიც 13-მა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა შეიმუშავა  ვკითხულობთ, რომ ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირე და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაში ჩართული ოლიგარქია. რესპუბლიკური პარტიის წევრებს მიაჩნიათ, რომ აშშ-მა რუსეთის პრეზიდენტის მომხრე ოლიგარქების წინააღმდეგ სანქციები უნდა დააწესოს.


close დახურვა