logo
ENG



სირცხვილიას განცხადება: ეს მასობრივი დაკავებები ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს პროტესტს

22 ნოე 201915:39
3 წუთის საკითხავი
 
qjpuggut8n1pkmj.jpeg

მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა რუსთაველზე, პარლამენტის წინ განცხადება გააკეთეს.

განცხადება შეეხებოდა 18 ნოემბერს მშვიდობიანი აქციაზე დაკავებულ პირებს  და 25 ნოემბერს დაანონსებულ აქციას.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

„ხელისუფლება, რომელსაც ოდითგანვე ეშინია ხალხის გაერთიანების, კვლავ მთელი ძალით იბრძვის ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად. ამ ზაფხულს მთელმა საზოგადოებამ პრინციპული და უწყვეტი პროტესტით მოვახერხეთ ბიძინა ივანიშვილისგან მიგვეღო პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობა, რომელიც მან მთელი მსოფლიოს წინაშე, საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე მისცა საქართველოს, გაეროს ტრიბუნიდანაც კი მისცა ეს პირობა პრეზიდენტმა საერთაშორსო თანამეგობრობას. ამ პირობის პარალელურად გაიზარდა წნეხი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, გიორგი გახარია დაწინაურდა პრემიერ მინისტრად, ციხეში კი ათეულობით გავრილოვის პატიმარი ზის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროტესტი არ შეწყვეტილა პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაიდგა მონათა ჯანყი და დაპირებული კანონპროექტიც ჩავარდა, რასაც სამოქალაქო საზოგადოების და მთელი ოპოზიციური სპექტრისგან სამართლიანი აღშფოთება მოჰყვა.

ჩვენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოვაცხადეთ 18 ნოემბერს და პარლამენტის პიკეტირება დავიწყეთ, პიკეტირების დაშლისას პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა 33 აქტივისტი მათ საქმეებს კი ერთადერთი მოსამართლე ვალერიანი ფილიშვილი იხილავს, მოსამართლე, რომელმაც შარშან დაინიშნა უვადოდ. მოსამართლემ 10 აქტივისტს უკვე შეუფარდა 4-13 დღემდე პატიმრობა, მათ შორის გიგა მაქარაშვილის 12 დღე, ბექა ბასილაიასა 13 დღე, ხოლო ზუკა ბერძენიშვილს 7 დღე პატიმრობა. ჩვენი აქტივისტები ამ წუთში ხუთ სხვადასხვა ქალაქში არიან გადანაწილებულნი და კიდევ 17 აქტივისტი ელოდება სასამართლო პროცეს, რომელიც ორდღიანი უწყვეტი მარათონის შემდეგ როგორც იქნა გადაიდო.

ამავდროულად სწრაფად შეუფარდეს 5-5 დღიანი პატიმრობა მოძრაობა „შეცვალეს წევრებსაც“. თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული პროცესი მძიმე დარღვევების ფონზე ჩატარდა - ასე შეაფასა 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 18 ნოემბერს დაკავებულების სასამართლო. საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, ვერც ერთმა პოლიციელმა ვერ მოიტანა სამხრე კამერის ჩანაწერი, ხოლო აქტივისტებს ედავებიან ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას, ამას გარდა 18 ნოემბერს ასევე დააკავეს "სირცხვილიას" აქციების ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი და შემომწირველი გიორგი რურუაც. გიორგი რურუას საქმეში არსებული შეუსაბამობები მეტყველებს, რომ ეს რეპრესიები, მხოლოდ ერთი, ჩვენი დაშინების მიზნით ხორციელდება და ყველაზე მკაცრად სასჯელით სწორედ "სირცხვილიას" აქტივისტებს უმასპინძლდება.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დაგეგმილი 25 ნოემბრის აქცია ჩავატაროთ მასშტაბურად. ეს დღე არის პასუხი ბიძინა ივანიშვილის რეპრესიებზე და ანტისამთავრობო პროტესტზე. სრული მხარდაჭერა იგრძნობა ამერიკისგანაცევროპისგანაც, როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმებშიც და ისინი ხელისუფლებას უკან დახევისკენ და დიალოგისკენ მოუწოდებენ. 

ჩვენ როგორც დავპირდით ივანიშვილს სიცოცხლეს გავუმწარებთ, ეს მასობრივი დაკავებები ვერავითარ ზიანს ვერ მიაყენებს პროტესტს, რადგან დღითი დღე უფრო და უფრო მეტ ადამიანს უჩნდება პროტესტის გრძნობა. სამოქალაქო წინააღმდეგობის შეჩერება შეუძლებელია, საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანება არის ის გადამწყვეტი ფაქტორი რაც ივანიშვილს აიძულებს შეასრულოს პირობა,დანიშნოს პროპორციული არჩევნები, რომელიც უზრუნველყოფს ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და გადანაწილებას, დროა ერთ კაციანი მმართველობა საქართველომ წარსულს ჩააბაროს. ორშაბათს 7 საათზე აქციაზე ჩვენ ველით საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის დემოკრატიული მომავალი,“-ნათქვამია განცხადებაში.

 


close დახურვა