logo
ENG



სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე გადავიდა

15 აპრ 202211:45
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/15/s4vjbe9s3wwe2m3.jpg
REUTERS

სომხეთი რუსული გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე გადავიდა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა RBC-თან გააკეთა. კონკრეტულად როდის მოხდა ეს, მას არ დაუკონკრეტებია.

"რამდენადაც მე ვიცი, ბოლო რამდენიმე გადახდა იყო რუბლით, მაგრამ შესაბამისი კურსით." - თქვა მინისტრმა

"გაზპრომის" წარმომადგენელმა, სერგეი კუპრიანოვმა დაადასტურა, რომ ერევანთან დადებული კონტრაქტი "უკვე რამდენიმე წელია იძლევა საშუალებას გადაიხადოს გაზის საფასური რუბლში."

ხელშეკრულების თანახმად, სომხეთი გაზს ათას კუბურ მეტრზე 165 დოლარად იღებს. "გაზპრომი" სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელია.

ასევე ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა განაცხადა, რომ გაზის რუბლში ყიდვა სომხეთისთვის დადებითი მოვლენაა.

"თუ ფასს რუბლებში დავაფიქსირებთ, ეს იქნება ძალიან დიდი წარმატება, რადგან ახლა გვაქვს პრობლემა, როდესაც ჩვენი ექსპორტიორები, რომლებსაც არ აქვთ ნდობა რუბლის მომავალ კურსზე, ძალიან ერიდებიან თავიანთი ექსპორტზე რუსულ რუბლში ფასის დაწესებას. თუ ჩვენ გვექნება გაზის ფიქსირებული ფასი რუბლებში, ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს ექსპორტიორებს მივცეთ ფიქსირებული სამომავლო რუბლის კურსი უკუგარიგების გზით." - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას "არამეგობრული ქვეყნებისთვის" გაზის რუბლში გაყიდვის შესახებ. გაზის საფასურის გადასახდელად დასავლეთის ქვეყნებს მოუწევთ "გაზპრომბანკთან" რუბლის ანგარიშის გახსნა.

ამის შემდეგ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა - ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა უარი თქვეს რუსეთიდან ბუნებრივ გაზის იმპორტზე. ასევე ევროკავშირის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები აცხადებენ, რომ უარს ამბობენ რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდაზე.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ვერ ხედავს რუსეთისთვის სერიოზულ პრობლემებს, თუ ევროპა მასიურად უარს იტყვის რუსულ ნავთობსა და გაზზე. მისი თქმით, ქვეყანას აქვს გეგმა, თუ როგორ გამოიყენებს ის მომავალში რუსეთის ენერგო რესურსებს.


close დახურვა