logo
ENG



სომხეთის პრეზიდენტმა რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

14 ოქტ 202314:37
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/14/nks1dkapwhfjjcx.jpg

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. დოკუმენტი პარლამენტმა 3 ოქტომბერს მიიღო. 

სომხეთში რომის სტატუტის რატიფიცირების პროექტი ჯერ კიდევ 1998 წელს დამტკიცდა. თუმცა, რატიფიკაციის პროცესი 2004 წელს შეჩერდა - მაშინ გადაწყდა, რომ იგი არ შეესაბამებოდა იმ დროს მოქმედი ქვეყნის კონსტიტუციას. 2023 წლის 24 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ აღიარა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც რომის სტატუტშია გამაგრებული.

სომხეთის ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ რატიფიკაციის პროცესი დაიწყეს იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის აზერბაიჯანის ხელისუფლება მომავალში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარდგენილიყო.

რომის სტატუსის რატიფიცირების საკითხი რუსეთის მხრიდან უკმაყოფილების მიზეზი გახდა. მოსკოვში განაცხადეს, რომ რატიფიცირების შემთხვევაში ორივე ქვეყნის ურთიერთობისთვის "უკიდურესად ნეგატიური შედეგები" მოყვება.

17 მარტს, ICC-მ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ) რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და რუსეთში ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში - უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის, კერძოდ ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და გადასახლებაში.

ეს კი ნიშნავს, რომ რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოში პუტინის ჩასვლის შემთხვევაში, ადგილობრივი ორგანოები ვალდებულნი არიან ის დააკავონ. 


close დახურვა