სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.
ხმა უკვე მისცა მოქმედმა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, რომელმაც ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ შექმნილი კრიზისის განსამუხტად მიიღო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება.
მედიასთან კომენტარი მან არ გააკეთა. პრემიერმინისტრს ადგილზე მხოლოდ ქართველი ჟურნალისტები დახვდნენ.
ხმა მისცა რობერტ ქოჩარიანმაც. ფაშინიანისგან განსხვავებით, ქოჩარიანის საარჩევნო უბანზე მობილიზებული იყო როგორც ადგილობრივი, ისე რუსული და საერთაშორისო მედია. რობერტ ქოჩარიანმა გააკეთა კომენტარიც.
"ხმა, პირველ რიგში, მშვიდობას და ეკონომიკურ წინასვლას მივეცი". - თქვა მან.
არჩევნები პროპორციული წესით ტარდება.
მასში 25 პოლიტიკური ძალა - 21 პარტია და 4 ალიანსი მონაწილეობს. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საარჩევნო სიის თანახმად, ქვეყანაში 2 583 823 პოტენციური ამომრჩეველია.
25 პოლიტიკური ძალიდან ექსპერტები მხოლოდ 5 პარტიას გამოყოფენ და ამბობენ, რომ სწორედ ისინი შეძლებენ საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.
არჩევნებში მონაწილეობას მმართველი პარტია სამოქალაქო შეთანხმება იღებს.
მათ გარდა საარჩევნო რბოლაში მონაწილეობენ: ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის პარტია სომხეთი, რომელიც ფაშინიანის მთავარ ოპონენტად მოიაზრება.
ასევე ბლოკი მაქვს პატივი, რომელსაც ქვეყნის კიდევ ერთი, მესამე პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ხელმძღვანელობს.
პარტია აყვავებული სომხეთი, რომლის ლიდერიც ბიზნესმენი გაგიკ ტსარუკიანია.
ასევე სომხეთის პირველი პრეზიდენტის, ლევონ ტერ პეტროსიანის პარტია სომხეთის ეროვნული კონგრესი.