სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი წერს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ქონება დაუყადაღეს.
"დამიკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, რომელმაც მომახსენა, რომ მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყადაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება, რის შესახებაც დაგვიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას, ამჯერად რის საფუძველზე აპირებენ ჩვენს შევიწროებას.
ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად ასრულებს თავის მუქარას, რაც გომელაურმა შეატყობინა ციხის საშხაპეში მამაჩემს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანტროპის განრისხებას.
ბრძოლა გრძელდება!", - წერს ნინი გოგაშვილი.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. სამივე საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლთან დაკავშირებით საუბარია რუსეთის 2 მოქალაქის, კონსტანტინე რომანოვსკის და დავით ადამიას საჩივრებზე, რომელთა საფუძველზეც არის დაკავებული სოსო გოგაშვილი.
ამ ორი ადამიანის სახელი ტვ პირველის ეთერში გასულ ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეს. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ გოგაშვილს ჰკითხა, ხომ არ იყო ეს ორი ადამიანი რუსეთის აგენტი, რაზეც გოგაშვილმა უპასუხა, რომ ჰქონდა ინფორმაცია მათ შესახებ.
კონსტანტინე რომანოვსკიმ სოსო გოგაშვილს მორალური ზიანის მიყენებისთვისაც უჩივლა.
რაც შეეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას, გოგაშვილის დაცვის მხარე ამბობს, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის სახელზე 13 რეგისტრირებული იარაღია, ხოლო ის 2 დაურეგისტრირებელი იარაღი, რომლის უკანონო ფლობასაც ედავებიან, მას ჩაუდეს.
გოგაშვილს პატიმრობა შეუფარდა. ციხეში ყოფნისას მან რამდენიმე წერილი გაავრცელა, რომელიც არჩევნების გაყალბების, ვახტანგ გომელაურის საქმიანობის, აფგან მუხთარლის საქმის და გელა ხვედელიძის ცემის დეტალების გასაჯაროებას ისახავდა მიზნად.