logo
ENG



სოსო გოგაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ

17 ივლ 202211:42
3 წუთის საკითხავი
 

სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალს დღეს, 17 ივლისს წარუდგენენ. 

ამის შესახებ მისმა ადვოკატმა თქვა, თუმცა, კონკრეტულად რომელ საათზე მოხდება ეს, უცნობია. ბრალის წარდგენიდან 48 საათში სასამართლომ გოგაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს. 

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, გამთენიისას სპეცოპერაციით დააკავეს.

ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, დაკავებისას მას იარაღზე ხელი დაადებინეს, რაც მიზნად ისახავდა, ხელიდან იარაღზე გადასულიყო დნმ-ის და დაქტილო ნიმუშები. 

გოგაშვილი ირწმუნება, რომ მას იარაღი ჩაუდეს.

მოდულის შენობაში გოგაშვილი სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. მისი თქმით, დაკავებულს "სახეზე აღენიშნება შეშუპება, ხელის მტევნებზე და ფეხებზე აქვს სილურჯეები". 

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლებით. 

დაკავების დროს გაჩხრიკეს გოგაშვილის და მასთან დაკავშირებული ადამიანების სახლებიც. მისი შვილის თქმით, სახლებიდან წაიღეს ტელეფონები, კომპიუტერები, პლანშეტები, მეხსიერების ბარათები. 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე სოსო გოგაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ ჰქონდა 2021 წლის არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები, რომელიც "შესაბამის ორგანიზაციას" გადასცა. 

რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც მთავარი არხის ჟურნალისტების ფარული მიყურადებით იყო მოპოვებული. აღნიშნულ აუდიოჩანაწერში საუბარი იყო სოსო გოგაშვილზეც

სოსო გოგაშვილმა ქართული ოცნება 2020 წლის ოქტომბერში დატოვა. ის სუს-ის უფროსის მოადგილედ 2015-2018 წლებში მუშაობდა. 2014 წელს შსს-ს გენინსპექციის უფროსი იყო. გოგაშვილი ხელმძღვანელობდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რა დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს.


close დახურვა