შიდა ქართლის რეგიონში ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზის უკანონო გაფართოებას აგრძელებენ.
ფორმულას ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ ხელჩუაში 700 მეტრიანი ღობის გაკეთების შემდეგ, ოკუპანტებმა უკანონო საოკუპაციო ხაზის გაბმა სოფელ ზარდიაანთკართან დაიწყეს.
ადგილობრივები ფორმულას უყვებიან, რომ ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის გადმოწევას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ცდილობენ. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ რუსული ძალების გააქტიურებით შეშინებულები არიან.
სოფელ ზარდიაანთკარსა და ოკუპირებულ ხელჩუას შორის საოკუპაციო ხაზის გავლების განახლებული პროცესი ფორმულას სუს-შიც დაუდასტურეს. უწყების განცხადებით უკანონო სამუშაოებს რუსი სამხედროები ამ დრომდე ახორციელებენ.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის მისიაც.