logo
ENG



სოფელ მერეთში საოკუპაციო ძალებმა ახალი მავთულხლართები გააბეს

20 თებ 202212:35
3 წუთის საკითხავი
 

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში გუშინ საოკუპაციო ძალებმა მავთულხლართების უკანონოდ გაბმა განაახლეს. მათ არსებული ღობის გასწვრივ ახალი მავთულხლართების დამონტაჟება დაიწყეს.

ფაქტს ადასტურებენ ადგილობრივებიც. მათი თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ძალები სოფელი მერეთის მიმდებარედ ინტენსიურად გადაადგილდებიან. გუშინ კი ადგილზე სპეცტექნიკა მიიყვანეს, არსებული ღობის გასწვრივ ბოძები დაამონტაჟეს და ახალი მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.

მავთულხლართების დამონტაჟების ახალი ფაქტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ დღეს მერეთში გენადი ბესტაევს დაკრძალავენ. ის 16 თებერვალს გარდაიცვალა. ბესტაევი 2 წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდა ცხინვალის იზოლატორში.

გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

ბესტაევს ნოემბერში ცხინვალის ე.წ. ციხეში ინსულტი განუვითარდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეფასდა. ის ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასული წლის 16 ნოემბერს გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს.


close დახურვა