პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა გაიმართება. ცვლილებების ჩავარდნას ოპოზიცია დიდი ხანია აანონსებს, რადგან 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შესრულებულა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციამ საბოლოოდ უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიციები.უმრავლესობაში ამბობენ, რომ "ოცნება" საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისთვის მზად არის, თუმცა თუ გართულებებს ექნება ადგილი, ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი გუნდიდან ვინმე არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს იმიტომ, რომ "ქართულმა ოცნებამ" გასცა ეს დაპირება და ზუსტად იცის, რომ ამ ცვლილებებით თუ მის გარეშე, უპირობო ლიდერია არსებულ პოლიტიკურ სპექტრს შორის. ჩვენ მზად ვართ ეს ცვლილებები მივიღოთ“, - განაცხდა სოფო კილაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა აცხადებს, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება ვერ მოხდა, ეს ოპოზიციის ბრალი იქნება.
„უმრავლესობის 92 ადამიანის გარდა, რომელმაც განაცხადა ხმამაღლა, რომ ჩვენ ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს არიან დამოუკიდებელი დეპუტატებიც, რომელთა რაოდენობაც მთლიანობაში ქმნის იმ საკმარის რიცხვს რომელიც საჭიროა. თუ ოპოზიცია გადაწყვეტს, რომ არ მიიღოს მონაწილეობა, დაარღვიოს შეთანხმება და ის პირობა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას გულისხმობს, ეს უფრო მათი პრობლემა იქნება“, - განაცხდა კახა კუჭავამ.