logo
ENG



სოციალური სამართლიანობის ცენტრი: ბათუმის ტრაგედია სუსტ სამშენებლო რეგულირებას უკავშირდება

09 ოქტ 202119:56
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/09/rnayyw0vn5lo3p2.jpg
სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედია სამშენებლო რეგულაციების და ზედამხედველობის ცვლილების საფუძველი უნდა გახდეს.

"არსებითად მნიშვნელოვანია ეს ტრაგიკული ფაქტი სამშენებლო რეგულაციებისა და ზედამხედველობის, ასევე საბინაო პოლიტიკის ფართე კონტექსტში იყოს დანახული და ჯეროვანი პოლიტიკური განხილვებისა და გრძელვადიანი ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველი გახდეს" , - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბათუმში შენობის ჩამონგრევა სუსტ სამშენებლო რეგულაციებს და სამშენებლო ნებართვების არასათანადოდ გაცემას უკავშირდება.

"ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა სავარაუდოა, რომ სუსტ სამშენებლო რეგულირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას უკავშირდება. სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება.

ჩვენი დაკვირვებითა და გამოცდილებით, არაერთ შემთხვევაში, იკვეთება სამშენებლო ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოების მხრიდან ლოიალური დამოკიდებულება დეველოპერებისადმი და არათანმიმდევრული მიდგომა სამშენებლო პირობების მოთხოვნებთან და მათ შესრულებასთან დაკავშირებით. მასობრივი სახე აქვს მანკიერ პრაქტიკას, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო ნებართვები არასათანადო საპროექტო დოკუმენტაციისა და საექსპერტო დასკვნების საფუძველზე გაიცემა. მათ შორის ყველაზე მწვავეა გეოლოგიური დასკვნების ხარისხის არასათანადოობა და სიზუტეც" , - წერია განცხადებაში. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებითვე, ქვეყანაში ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები სუსტია.

"გვსურს ასევე ხაზი გავუსვათ, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ორგანოები სუსტი და არაქმედითია როგორც მუნიციპალურ, ისე ეროვნულ დონეებზე. რიგ შემთხვევებში მონიტორინგის სამსახურები კანონის მოთხოვნებს უგულებელყოფენ, იყენებენ შემოწმების არასათანადო სტანდარტს და იშვიათად რეაგირებენ დარღვევებზე" , - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მათივე თქმით, სამშენებლო სფეროს მხრივ ხარვეზებია კანონმდებლობაშიც და შეინიშნება კორუფციის შემთხვევებიც, რაც, მათი თქმით, მცირე შესაძლებლობებს ტოვებს ბათუმში მომხდარის მსგავსი ტრაგედიებისგან თავის დასაზღვევად.

"ცალკე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს სამშენებლო მასალების და მშენებლობის ხარისხისა და მდგრადობის კონტროლის მექანიზმებს, რაც შესაძლოა მომავალში არაერთი უბედური შემთხვევის მიზეზი გახდეს.პირველ ეტაპზე სამშენებლო სფეროს დერეგულირება საერთო ნეოლიბერალური განვითარების დღის წესრიგისთვის სიმპტომურ ფენომენად ფასდებოდა საქართველოში. თუმცა, დღეს ჯერ კიდევ არსებული მწირი რეგულაციების შეუსრულებლობა და მათზე არაჯეროვანი სახელმწიფო მონიტორინგი, სახელმწიფო უწყებების სისუსტესა და შესაძლო კორუფციის შემთხვევებსაც ააშკარავებს.

დღეს სახელმწიფოში სამშენებლო მარეგულირებელი ფუნქციების დასუსტება და გაქრობა ბათუმის მსგავსი საყოველთაო ტრაგედიებისგან დაზღვევის მცირე შესაძლებლობებს ტოვებს. დერეგულაცისთან ერთად აღმოცენებული კორუფცია და სახელმწიფო უწყებების სისუსტე რომ არცერთ ეკონომიკურ კლასსა, თუ არანაირი სიმსხვილის პროექტს არ იცავს, დაადასტურა ბათუმში 2018 წელს მომხდარმა ტრაგედიამაც. საზოგადოებას ახსოვს მსხვილი დეველოპერული პროექტისათვის საშეღავათო პირობებით ნაგები სასტუმრო “ლეო გრანდი”, რომელშიც გაჩენილმა ხანძარმა 12 ადამიანის დაღუპვა გამოიწვა 2018 წელს." , - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამბობს, რომ ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტი სათანადო გამოძიებას და შესწავლას მოითხოვს. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტრაგედიას ისრაელის და აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.


close დახურვა