logo
ENG



სოციალური სამართლიანობის ცენტრი: სუს-ის განცხადება პოლიტიკური მუქარის განცდას აჩენს

04 ნოე 202111:53
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/04/fjthu9ophywnza7.jpg
სოციალური სამართლიანობის ცენტრი

სოციალური სამართლიანობის ცენტრი, სუს-ის განცხადებას, რომ სოციალურ ქსელებში ხელისუფლების დამხობისა და რევოლუციისკენ მოწოდებები ვრცელდება, პოლიტიკური მუქარის განცდის გაჩენის მცდელობად აფასებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში ნათქვამია, რომ სუს-ი პოლიტიკური უკმაყოფილების გამოხატვის კრიმინალიზირებას ცდილობს.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 3 ნოემბრის განცხადება, რომლითაც უწყებამ დააანონსა გამოძიება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე, წარმოადგენს მცდელობას, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არსებითად უსაფრთხოების ლოგიკას დაუქვემდებაროს და არსებული პოლიტიკური უკმაყოფილების და მათი გამოხატვის კრიმინალიზება დაუშვას. განცხადება ამავდროულად აძლიერებს ეჭვებს უსაფრთხოების სისტემის პოლიტიკური და პარტიული ინტერესით ინსტრუმენტალიზების თაობაზე" , - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმით, ბუნდოვანია, რა საფუძვლით მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების თაობაზე. ასევე, როგორც ორგანზიაცია მიიჩნევს, დაუშვებელია, დანაშაულის ფარგლების ისეთი ინტერპრეტაცია, რომ რევოლუციაზე მოწოდებები და დისკუსია საჯარო ფორმატში ავტომატურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.

"უპირველეს ყოვლისა, ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით და რა საფუძვლით მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების თაობაზე. აგრეთვე, შემაშფოთებელია სისხლისსამართლებრივი ნორმების და დანაშაულის ფარგლების იმგვარი ინტერპრეტაცია, რომლის მიხედვითაც, რევოლუციაზე საჯარო ფორმატში საუბარი და დისკუსია ავტომატურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. სუს-ის მიერ ციტირებული სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, მოითხოვს ხელისუფლების დამხობისა და ხელი ჩაგდების მიზნით ძალადობის ელემენტის/ტესტის არსებობას და მის გარეშე შეუძლებელია დანაშაულს ჰქონდეს ადგილი. ამ დრომდე სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ გაკეთებული განცხადებები უფრო მეტად პოლიტიკური ცვლილებისკენ მიმართულ სხვადასხვა განცხადებებს უკავშირდება, რომელიც არ გადის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სფეროდან. მით უფრო, რომ პოლიტიკური გამოხატვა მაღალი სტანდარტებით არის დაცული და მისი კრიმინალიზება დემოკრატიული პროცესებისთვის დამაზიანებელია" , - წერია სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ სუს-ის მხრიდან მსგავსი გამოძიების დაანონსება სიახლე არ არის და ამას უწყება საპროტესტო მუხტის შესუსტების და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით, სხვადასხვა დროს აკეთებდა.

"გვინდა აღვნიშნოთ, რომ სუს-ის მხრიდან მსგავსი გამოძიების დაანონსება არ არის სიახლე და სხვადასხვა დროს სამსახური აკეთებდა ხოლმე ე.წ. პრევენციულ განცხადებებს გამოძიების დაწყების თაობაზე საზოგადოებრივი უკმაყოფილებისა და საჯარო კრიტიკის სხვადასხვა გამოცდილებებზე.

მსგავსი განცხადებების მიზანი, ნაცვლად რეალური დანაშაულებრივი ქმედებების გამოაშკარავებისა, ან დამნაშავეების დასჯისა, იყო საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირება, ან არსებული საპროტესტო მუხტის შესუსტება" , - ამბობს ორგანიზაცია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის თქმითვე, სუს-ის 3 ნოემბრის განცხადება უწყების მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებს და სუს-ი ირჩევს დასჯის ენას.

"უსაფრთხოების სისტემის ამგვარი გამოყენება არსებითად ასუსტებს მას და ზრდის საზოგადოებრივ უნდობლობას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების მიმართ. ამავდროულად, მკაფიოა, რომ არსებულ რთულ პოლიტიკურ კონტექსტში, ხელისუფლება პოლიტიკური დიალოგის და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ნაცვლად, კვლავაც ირჩევს დასჯისა და კონტროლის ენას, რომელიც იმთავითვე გამორიცხავს შექმნილი მდგომარეობიდან კონსტრუქციული დიალოგის გზით გამოსვლის პერსპექტივას" , - ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სუს-ს მოუწოდებს, საზოგადებას გააცნოს რა ფაქტებზე დაყრდნობით იწყებს გამოძიებას. ორგანიზაციის პოზიციით, მთავრობას უარი უნდა ეთქვას სუს-ის პარტიული მიზნებით გამოყენებაზე, ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა სოციალური მშვიდობის დაცვა უნდა უზრუნველყონ.

"ცხადია, ამ პროცესში მნიშვნელოვანია ოპოზიციურმა ჯგუფებმა მიიღონ მაქსიმალური ზომები, რომ მათი და მათი მხარდამჭერების მობილიზაციის სტრატეგიები დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის და პრინციპების ჩარჩოში მოექცეს და ხელი შეუწყონ სოციალური მშვიდობის დაცვასა და დემოკრატიული კონტროლის და მონაწილეობის მშვიდობიანი გზებით განხორციელებას. სამწუხაროა, რომ არადემოკრატიულად და მნიშვნელოვანი ხარვეზებით ჩატარებული არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში პოლიტიკურმა კრიზისმა და პოლარიზებამ კულმინაციას მიაღწია და ამ დრომდე არ ჩანს, ამ რეალობიდან გამოსვლის რაციონალური, შეთანხმებისკენ მიმართული მცდელობები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურს: მიაწოდოს საზოგადოებას, რა კონკრეტული ფაქტების და გარემოებების ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება ხელისუფლების შეთქმულების ფაქტზე; თავი შეიკავოს იმგვარი განცხადებების გაკეთებისგან, რომელსაც მსუსხავი ეფექტი ექნება გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებებზე;

მთავრობას უარი თქვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პარტიული მიზნებით ინსტრუმენტალიზებაზე და გადადგას ქმედითი ნაბიჯები პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსოლიდაციისკენ.

პოლიტიკურ პარტიებს: საკუთარ სამოქმედო სტრატეგიებში გაითვალისწინოს სოციალური მშვიდობის დაცვის ინტერესი და არ დაუშვას ესკალაციის, სოციალური პოლარიზების შემქმნელი მცდელობები" - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

გუშინ, სამ ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, გაავრცელა განცხადება, რომ "სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მხრიდან ვრცელდება დანაშაულის ნიშნების შემცველი შინაარსის საჯარო განცხადებები და მოქალაქეები განზრახ თუ გაუცნობიერებლად პირდაპირ მოუწოდებენ თანამოაზრეებს რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ, მათ შორის ძალადობრივი გზებით".

სუს-მა ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით 29 ოქტომბერს დაიწყო. 

სუს-ის განცხადების შემდეგ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად პოსტავენ სიტყვას - "რევოლუცია".


close დახურვა